ურსულა ფონ დერ ლაიენმა და კაია კალასმა საკუთარი განცხადებებით, რეალურად, ახალი მთავრობა აღიარეს. რეალურად, საკუთარი ტექსტით მათ აღიარეს ახალი მთავრობა. შესაბამისად, მათ აღიარეს არჩევნების ლეგიტიმურობა, რაც არის ძალიან კარგი. მადლობა უნდა გადავუხადოთ როგორც ერთ, ასევე მეორე პოლიტიკოსს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, განცხადებები არის სამწუხარო იმ თვალსაზრისით, რომ არის სრულიად ცალმხრივი.
„მინდა, აღვნიშნო, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენმა და კაია კალასმა საკუთარი განცხადებებით, რეალურად, ახალი მთავრობა აღიარეს. რეალურად, საკუთარი ტექსტით მათ აღიარეს ახალი მთავრობა, შესაბამისად, მათ აღიარეს არჩევნების ლეგიტიმურობა, რაც არის ძალიან კარგი და მადლობა უნდა გადავუხადოთ როგორც ერთ, ასევე მეორე პოლიტიკოსს ამისათვის. რაც შეეხება განცხადებებს, განცხადებები არის სამწუხარო იმ თვალსაზრისით, რომ აბსოლუტურად ცალმხრივია. ხედავთ, რა ხდებოდა გუშინ და გუშინწინ თბილისში. ხომ იცით, ვისი მხრიდან იყო ძალადობა ინიცირებული, ანუ, ისინი იყვნენ ძალადობრივი დაჯგუფებები. ვიდრე არ დაიწყო ძალადობა, ძალადობრივი შეტევა პარლამენტის შენობაზე, პოლიციელებზე და ასე შემდეგ, მანამდე არავითარი რეაგირება არ ჰქონია შსს-ს. არიან ძალადობრივი დაჯგუფებები, წინასწარ აქვთ დაორგანიზებული ძალადობა, წინასწარ მოაქვთ მასალები ამისათვის. მათი მხრიდან ძალადობა რომ არ ყოფილიყო, არაფერი არ იქნებოდა. ყველამ ვიცით, რომ ძალადობა თავიდან ბოლომდე ინიცირებულია მომიტინგეების მხრიდან. ძალადობა არ დაუწყია შსს-ს. ძალადობას იწყებენ მომიტინგეები და ამაზე რეაგირებს შემდეგ შსს. ეს ფაქტი რომ არ არის ამ განცხადებებში ხაზგასმული და ცალმხრივი რომ არის, რა თქმა უნდა, ეს აღიქმება მწვანე შუქად ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან, რომ განაგრძონ ძალადობა. ეს არის ძალიან სამწუხარო. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს შენიშვნებს გავუგზავნით შესაბამის პოლიტიკოსებს. რაც შეეხება გადატვირთვას – სამართლიანობა არის მთავარი ურთიერთობების გადატვირთვისთვის. როცა ვხედავთ უსამართლო განცხადებებს, ეს ხელს არ უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას. როგორც კი სამართლიანობა დამყარდება, როგორც კი უსამართლობის პრობლემა აღარ იქნება, მაგალითად, როგორც ამ შემთხვევაში იყო განცხადებებში, მაშინვე გადაიტვირთება ურთიერთობები“, – განაცხადა პრემიერმა.