ურსულა ფონ დერ ლაიენი – ჩვენ სასწრაფოდ უნდა გადავაიარაღოთ ევროპა – მნიშვნელოვანია, მოვემზადოთ უარესისთვის და გავაძლიეროთ თავდაცვა

6
spot_img

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ლონდონში ლიდერების სამიტის დასრულების შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ ჰქონდათ “კარგი და გულწრფელი დისკუსია”.

მისი თქმით, განიხილეს რა არის საჭირო, რომ უკრაინა ძლიერ მდგომარეობაში იყოს. მისი თქმით, უკრაინას სჭირდება “უსაფრთხოების ყოვლისმომცველი გარანტიები”, რომელიც მის ეკონომიკურ და სამხედრო პოზიციებს მხარს დაუჭერს.

ამასთან, ის ამბობს, რომ „სასწრაფოდ უნდა გადავაიარაღოთ ევროპა“ . ლაიენის თქმით, ევროკომისია ევროპულ საბჭოს შესაბამის გეგმას 6 მარტს წარუდგენს.

„ახლა უაღრესად მნიშვნელოვანია, თავდაცვის ინვესტიციების გაგრძელება. ეს არის ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის და ჩვენ გვჭირდება – იმ გეოსტრატეგიულ გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ, მოვემზადოთ უფრო უარესისთვის და, შესაბამისად, გავაძლიეროთ თავდაცვა“, – დასძენს ის.

კითხვაზე, მისი გზავნილის შესახებ აშშ-სთვის, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა:

”ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ერთად დავიცვათ დემოკრატია და პრინციპი, რომ არსებობს კანონის უზენაესობა – არ შეგიძლია შეიჭრა… დააშინოთ მეზობელი ან საზღვრების შეცვლა ძალის გამოყენებით”.