
უფალმა თავისი მადლითა და კაცთმოყვარეობით შეგვინახა, გადაგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა. თუ გვინდა, რომ ამიერიდანაც, მომავალშიც გადავრჩეთ ამ მიწიურ ცხოვრებაშიც, როგორც ერი, და მარადიულ ცხოვრებაშიც გავხდეთ იმ დიდი საღვთო სიყვარულის თანაზიარნი, რომელიც ასე უხვად გამოავლინა უფალმა იესო ქრისტემ, უნდა ვეცადოთ, ამ გზით ვიაროთ, დავიცვათ და გავაძლიეროთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საუნჯე – მართლმადიდებელი სარწმუნოება და ღვთისმშობლისადმი წილხვდომილი ჩვენი სამშობლო , – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი)წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.
მან მრევლს დღევანდელი დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ რელიგიური მნიშვნელობის, არამედ სახელმწიფო მნიშვნელობის დღეც არის.
„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო დედაქალაქის მერო, პატივცემულო პარლამენტის წევრებო, მთავრობის წევრებო, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანნო მამანო, დედანო, ძმანო და დანო, გილოცავთ წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილების დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.
შეგახსენებთ, რომ წმინდა მოციქული ანდრია იყო იესო ქრისტეს ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოწაფე და მას განსაკუთრებული მისია დაეკისრა. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა როცა წილი ყარეს, თუ ვინ სად წასულიყო საქადაგებლად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს წილად ერგო ივერიის მოქცევა, მაგრამ ვინაიდან, მისი გარდაცვალება იყო მოახლოებული, მაცხოვარი გამოეცხადა მას და უბრძანა იერუსალიმში დარჩენილიყო, მის ნაცვლად კი საქართველოში გაეგზავნა ანდრია მოციქული თავის ხელთუქმნელ ხატთან ერთად.
და აი, ყოვლადწმინდა ქალწულმა, დედა ღვთისმშობელმა აუწყა ანდრია მოციქულს ღვთის ნება, მოითხოვა ფიცარი, მიიდო სახეზე, ამ ფიცარზე გამოისახა ღვთისმშობელი ყრმა იესოთი და უთხრა ანდრია მოციქულს, რომ ეს ხატი იქნებოდა ქართველთა მცველი უკუნისამდე, ხოლო თვითონ – მათი ცხოვრების შემწე და გამგე და ვერავინ მტერთაგან ვერ სძლევს მათ.
მაცხოვარი როცა გამოეცხადა ღვთისმშობელს, ამ დროს ასევე უთხრა ეს დიდებული სიტყვები: „არა უგულებელსვყოფ შენი მეოხებით ერსა მას საზეპუროსა, უფროის ყოველთა ნათესავთასა შენდამი წილხვდომილს“. აი, ასეთ საოცარ მოვლენას ვიხსენებთ, ძვირფასო ძმებო და დებო.
წმინდა ანდრია მოციქულმა იქადაგა საქართველოს მრავალ კუთხეში, აკურთხა მღვდლები, დიაკვნები, ააშენა ტაძრები და ამიტომაც ითვლება იგი ჩვენი ქვეყნის მფარველად, საქართველოს ეკლესია კი იწოდება სამოციქულოდ, რადგან სწორედ ანდრია პირველწოდებულმა დააფუძნა ჩვენში ქრისტეს რწმენა.
ეს მოვლენები – ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობა, ანდრია პირველწოდებულის ქადაგება საქართველოში, მცხეთაში მაცხოვრის კვართის მობრძანებასთან ერთად – არის სწორედ იმ საზეპუროობის ნიშნები, რომელზეც უთხრა იესო ქრისტემ გამოცხადების დროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ამ მოვლენებით გამოჩნდა უფლის განსაკუთრებული სიყვარული ქართველი ერისადმი და ის, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის ჩვენი მფარველი და მცველი. ვმადლობთ და ვადიდებთ უფალს ყოველივე ამისთვის.
ჩვენ ვფიქრობთ, რა გზით უნდა იაროს ჩვენმა ქვეყანამ. აი, სწორედ ეს მოვლენები გვიჩვენებს, რომ ჩვენი სულიერი და ზნეობრივი განვითარების მთავარი მიმართულება ამაში მდგომარეობს.
პავლე მოციქული წერს ასეთ სიტყვებს: „ქრისტე ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა იცხოვრონ ამიერიდან არა თავისთვის, არამედ იმისთვის, ვინც მოკვდა და აღდგა მათთვის“ (II კორ. 5,15). ჩვენი, როგორც ერის და არამარტო, როგორც ცალკეული პიროვნების, მოწოდება არის ის, რომ ვუპასუხოთ ამ დიდ სიყვარულს და ვიცხოვროთ არა ჩვენი ამქვეყნიური, მიწიური ინტერესებისთვის, არამედ, როგორც პავლე მოციქული ამბობს, იმისთვის, ვინც ჩვენთვის მოკვდა და აღდგა, ვინც დაგვიდგინა თავისი ყოვლადწმინდა დედა მცველად და მფარველად, ვინც მოგვივლინა თავისი უახლოესი მოწაფე ჩვენს მოსაქცევად – ანდრია პირველწოდებული სვიმონ კანანელთან და სხვა მოციქულებთან ერთად.
ჩვენი წინაპრები, ძვირფასო ძმებო და დებო, მუდამ ცდილობდნენ, ეპასუხათ ამ მოწოდებისთვის და ამ გზით ევლოთ. ამიტომაც უფალმა თავისი მადლითა და კაცთმოყვარეობით შეგვინახა, გადაგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა; და თუ გვინდა, რომ ამიერიდანაც, მომავალშიც გადავრჩეთ ამ მიწიურ ცხოვრებაშიც, როგორც ერი, და მარადიულ ცხოვრებაშიც გავხდეთ იმ დიდი საღვთო სიყვარულის თანაზიარნი, რომელიც ასე უხვად გამოავლინა უფალმა იესო ქრისტემ, უნდა ვეცადოთ, ამ გზით ვიაროთ, დავიცვათ და გავაძლიეროთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საუნჯე – მართლმადიდებელი სარწმუნოება და ღვთისმშობლისადმი წილხვდომილი ჩვენი სამშობლო.
დღეს დიდი სიყვარულით მინდა მივულოცო მივულოცო ეს დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რომელიც არის წმინდა ანდრიას სამოციქულო მსახურების ნამდვილი გამგრძელებელი. თქვენ იცით, რომ ეს დღესასწაულიც დაწესდა მისი ლოცვა-კურთხევით და მისი ღვაწლის დიდი შედეგია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ეს დღესასწაული გამოაცხადა სახელმწიფო დღესასწაულად, რითაც დაადასტურა, რომ ეს არა მხოლოდ რელიგიური მნიშვნელობის, არამედ სახელმწიფო მნიშვნელობის დღეც არის.
მადლობას ვუხდით მის უწმინდესობას და უნეტარესობას, ვუსურვებთ დღეგრძელობას და ჯანმრთელობას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ლოცვით, ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ!
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აჯილდოებს ჩვენს სასიქადულო რეჟისორს, ბატონ მერაბ კოკოჩაშვილს 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ნება მომეცით, წაგიკითხოთ ეს სიგელი:
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
თანამედროვე ქართული კინოს ფრიად გამორჩეული რეჟისორი, პედაგოგი, უბადლო ესთეტი და ქვეყნის დიდი გულშემატკივარი, ბატონი მერაბ კოკოჩაშვილი დაჯილდოვდეს საპატრიარქო სიგელით.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“
ასევე, ბატონ მერაბს გადაეცემა საზოგადოება „ივერიისას“ სახელით სპეციალური ჯილდო – ოქროს ჯვარი, მახათის ტაძრის გუმბათის ჯვრის ასლი.
ბატონო მერაბ, ღმერთმა გაგახაროთ და გადღეგრძელოთ. ყველას გვიყვარხართ და გისურვებთ დიდ ახალ შემოქმედებით წარმატებებს და დიდხანს სიცოცხლეს. დიდი მადლობა”, – განაცხადა მეუფე შიომ.
„დღევანდელი დღე ჩემთვის არის განსაკუთრებული, ვინაიდან, თქვენ მიერ ჩემთვის მოძღვნილი ჯვარი ეს არის ნიშანი იმისა, რომ უნდა იყო რწმენითა და სულიერებით სავსე, უნდა იყო სავსე სიმართლით და თავდადებული შენი ქვეყნისა და შენი ხალხისთვის. უღრმესი მადლობა]”, – აღნიშნავს მერაბ კოკოჩაშვილი.
მეუფე შიომ მას მადლობა გადაუხადა.
„გაიხარეთ, ბატონო მერაბ, თქვენ ამას ნამდვილად ადასტურებთ თქვენი ცხოვრებითა და შემოქმედებით. ღმერთმა დაგლოცოთ!“, – აღნიშნა მეუფე შიო