უნგრეთი გამორჩეული და ხმამაღალი მხარდამჭერია ჩვენი ევროპული მომავლის და დარწმუნებული ვართ, რომ უნგრეთი იქნება ერთ-ერთი ხმა ჩვენთვის ევროპული სტატუსის მონიჭებისას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს წარმატებული სვლა ევროინტეგრაციისკენ არ არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესი, ეს არის ევროკავშირის და ევროპის ინტერესიც.
„საქართველოს და უნგრეთს შორის ნამდვილად არის ძალიან დინამიური, პარტნიორული ურთიერთობები. ეს გამოიხატება მთავრობებს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მიმართულებით, რადგანაც უნგრეთი არის ქვეყანა, რომელიც უზიარებს გამოცდილებას და ცოდნას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.
უნგრეთი არის ნაწილი შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტის, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ევროკავშირის ენერგოდივერსიფიცირება და ჩვენი რეგიონი იძენს ძალიან ღირებულ როლს ევროკავშირისთვის ამ მიმართულებით. ჩვენ ვადგავართ ევროპული ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს გზას და საქართველო აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში, მუშაობს ყველა პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის, უნგრეთთან. უნგრეთი გამორჩეული და ხმამაღალი მხარდამჭერია ჩვენი ევროპული მომავლის და დარწმუნებული ვართ, რომ უნგრეთი იქნება ერთ-ერთი ხმა ჩვენთვის ევროპული სტატუსის მონიჭებისას.
ძალიან რთულ და გამოწვევებით სავსე პერიოდში, როდესაც თითოეული ქვეყანა არის ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში, არის უზარმაზარი გამოწვევები უსაფრთხოების კუთხით – ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს წარმატებული სვლა ევროინტეგრაციისკენ არ არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესი, ეს არის ევროკავშირის და ევროპის ინტერესიც, რადგან ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ საერთო გამოწვევებთან გამკლავება”, – განაცხადა მინისტრმა.
დარჩიაშვილის შეფასებით, საქართველო, გატარებული რეფორმებით, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება 27-ვე ქვეყნის მხარდაჭერა. საქართველო განუხრელად ადგას რეფორმების გზას. ჩვენ არამარტო 12 პრიორიტეტზე ვმუშაობთ, არამედ ჩვენ განუხრელად ვახორციელებთ ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ პირობებს და ასევე, იმ ვალდებულებებს, რომელიც აღებული გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. რეფორმების განხორციელება არ არის ერთდღიანი და თუნდაც ერთწლიანი პროცესი და შესაბამისად, ჩვენ ერთის მხრივ ვახორციელებთ ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო დაახლოებას ევროკავშირთან, ხოლო მეორეს მხრივ ფიზიკურად ვუახლოვდებით ამ მიმართულებას. საქართველოს ევროკავშირის წევრობა არის საბოლოო მიზანი და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ საქართველო წარმატებით გააგრძელებს ევროინტეგრაციას”, – განაცხადა მინისტრმა.