„უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს ციხეში არ აწამებდნენ“ – მარგველაშვილი

200
spot_img

9 აპრილს აქ იდგა ჩემი და ჩემზე უფროსი თაობა. სამწუხაროდ, დღეს იმ პერიოდთან გვაერთიანებს ის, რომ მაშინაც მთავრობის სახლში იჯდა რუსეთიდან მართული კომუნისტური რეჟიმი და დღესაც საქართველოს მთავრობაში არის მოსკოვიდან მართული პუტინისტური ხელისუფლება. სამწუხაროდ, ეს არის ერთიანობა დღევანდელ დღესა და 1989 წლის 9 აპრილს შორის“, – ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეებმა, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ევროპული მომავლისთვის ერთად უნდა იბრძოლონ.

„დღესაც დგას ჩვენს წინაშე ვალდებულება, რომ სამშობლო რუსებისგან ვიხსნათ. ჩვენ დღეს გვაერთიანებს ერთიანი მიზანი მიუხედავად ჩვენი განსხვავებულობისა – ეს არის საქართველოს დაბრუნება იმ ისტორიულ ერთა ოჯახში, რომელიც ავირჩიეთ მე-4 საუკუნეში, როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ ვართ ქრისტიანები. დღეს არ უნდა დავუშვათ ამის შებრუნება. ის ღვაწლი, რომელიც 9 აპრილს გაიღეს, არ უნდა იყოს გაფანტული და გაბნეული. უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ არ გვყავდეს პოლიტპატიმრები, უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს ციხეში არ აწამებდნენ და ამას რუსებს არ აჩვენებდნენ, ვიბრძოლოთ, რომ არ მივიღოთ შეტრიალება რუსეთისკენ და შევთანხმდეთ იმაზე, რომ სანამ ესენი იქნებიან ხელისუფლებაში, ყოველი დღე არის საფრთხე ჩვენი სამშობლოსათვის. ყველანი ვართ ერთ მხარეს – პუტინის რუსეთის საწინააღმდეგოდ და გავიმარჯვებთ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.