ქვეყნის, სახელმწიფოს მეთაური სალომე ზურაბიშვილი არის დადასტურებულად კონსტიტუციის დამრღვევი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტს მაგალითი მიეცა სხვებისთვის, რომ იგი უნდა ყოფილიყო ყოველთვის ქვეყნისა და კონსტიტუციის დაცავის სადარაჯოზე, ამის ნაცვლად, სალომე ზურაბიშვილმა დემონსტრაციულად, არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია.
„სასამართლოს გადაწყვეტილებას რაც შეეხება, ეს რა თქმა უნდა, არის სამწუხარო ფაქტი, ვინაიდან სამწუხაროდ, დადასტურდა, რომ ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს მეთაური, სალომე ზურაბიშვილი არის დადასტურებულად კონსტიტუციის დამრღვევი. როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და რიგით მოქალაქეს, ეს მე ნამდვილად არ მიხარია. არ მინდა, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს კონსტიტუციის დამრღვევი, ან ნებისმიერი კანონის დამრღვევი. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. იმის მაგივრად, პრეზიდენტს ეჩვენებინა და მაგალითი მიეცა სხვებისთვის, სხვა საჯარო მოხელეებისთვის, თუ შემდგომი პრეზიდენტებისთვის, რომ იგი უნდა ყოფილიყო ყოველთვის ქვეყნის, კანონისა და მთავარი კანონის, კონსტიტუციის დაცავის სადარაჯოზე, ამის ნაცვლად, ქალბატონმა სალომემ უხეშად, დემონსტრაციულად არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია, რაც არა მხოლოდ ჩვენი, პოლიტიკოსების ნათქვამით და წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, არამედ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა და ეს გადაწყვეტილება არ გადაიხედება.
რაც შეეხება ზოგადად შემდეგ პროცედურას. მოგეხსენებათ, პარლამენტში გაიმართება შესაბამისი პროცედურა. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, მოლოდინი, რომ საჭირო ხმებს მოაგროვებდა უმრავლესობა, არ გვქონია. არც არავითარი დიდი ილუზიები არ ჰქონდა არავის. თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენ ვიცოდით, რომ არ გვქონდა საკმარისი ხმები, მაგრამ ქვეყნის ხელისუფალნი, მთავრობის წევრები, პარლამენტის წევრები, კანონის შემოქმედნი, კანონმდებლები, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემები. უნდა შევახსენოთ სალომე ზურაბიშვილს და ყველას, ამ ქვეყანაში დასრულდა დრო, როცა პრეზიდენტს ეგონა, რომ იდგა კანონსა და კონსტიტუციაზე მაღლა. ეს ძალიან სამწუხაროა. ქალბატონი სალომესგან, ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენი მოქალაქეების ნაწილს ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ იგი შემოიტანდა ქართულ პოლიტიკაში ევროპულ სტანდარტს. ევროპული სტანდარტი გულისხმობს, რომ ყველა იცავს კანონს და კონსტიტუციას. ჩვენ, სანაცვლოდ ამის სრულად საპირისპირო სურათი მივიღეთ, როდესაც ქალბატონმა სალომემ გვითხრა, რომ ის არ ცნობს კონსტიტუციას. ეს არის სამარცხვინო ფაქტი. მე კომენტარს არ გავაკეთებ მის გამონათქვამებზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა გუშინ დაადგინა.