უნდა მოვემზადოთ ომისთვის, ეს არის საუკეთესო გზა მისი თავიდან ასაცილებლად – მარკ რუტე

3
spot_img

ნატო-ს წევრი ქვეყნები ომისთვის უნდა მოემზადონ და მეტი დახარჯონ თავდაცვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კრემლი, შეიძლება, შეეცადოს, იგივე გააკეთოს, რაც უკრაინაში, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ გამოცემა Welt-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ძალიან გარკვევით გეუბნებით: ჩვენ უნდა მოვემზადოთ ომისთვის. ეს არის საუკეთესო გზა მისი თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, ევროპის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ სისუსტე არ უნდა გამოიჩინონ.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთმა შეიძლება რაღაც სცადოს, ისევე როგორც უკრაინაში“, – აღნიშნა რუტემ.

ამასთან, მისი თქმით, საფრთხე მოდის არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ ჩინეთიდანაც და რომ ჩინელებმა უზომოდ გააფართოვეს თავიანთი სამხედრო შესაძლებლობები.

მარკ რუტემ ხაზი გაუსვა, რომ გერმანიამ, ნატო-სა და ევროკავშირის წამყვანმა წევრმა, თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდოს და თანმიმდევრულად განაგრძოს მის მიერ არჩეული გზა როგორც ევროპაში, ასევე უკრაინაში.

„გერმანიის ეკონომიკის სიდიდის გათვალისწინებით, ჩვენ გვინდა, რომ მათ გაცილებით მეტი გააკეთონ“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.