კარგად უნდა ესმოდეს საზოგადოებას, რომ დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქცია ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, გომელაურს მალე ქართული ბანკებიც კი ვერ მოემსახურებიან და თუ სადმე რაიმე ქონება აქვთ გადამალული, ამ ქონებაზეც უახლოეს პერიოდში აღარ მიუწვდებათ ხელი , – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, ფინანსური სანქციები გაგრძელდება და ის ძალოვანი უწყებების მაღალი თანამდებობის პირებს შეეხება.
“რუსი ოლიგარქის რუსული რეჟიმის თავზე შავმა ღრუბელმა მოიყარა თავი და ჩვენ ვნახეთ დიდი ბრიტანეთის განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ ე.წ. მინისტრი გომელაური მისი მოადგილეებით არის დასანქცირებული და თან ისინი არიან ფინანსური მიმართულებით სანქცირებულნი.
კარგად უნდა ესმოდეს საზოგადოებას, რომ დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქცია ნიშნავს იმას, რომ მაგალითად გომელაურს მალე ქართული ბანკებიც კი ვერ მოემსახურებიან და თუ სადმე რაიმე ქონება აქვთ გადამალული, ამ ქონებაზეც უახლოეს პერიოდში აღარ მიუწვდებათ ხელი.
ასევე, ამ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციაში მოხდა ამ სანქციების გამოცემა, რაც ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რომ ეს სანქციები გაგრძელდება და, მათ შორის, მინდა გავაფრთხილო ამ დროისთვის თანამდებობაზე მყოფი ადამიანები – კუპატაძე, სირაძე, მემანიშვილი, სხვადასხვა ძალოვანი უწყების ე.წ. მაღალი თანამდებობის პირები – ბიძებო, ძალიან ღრმად გაქვთ შეტოპილი, ძალიან მძიმე დღეები გელოდებათ და შემდეგი აუცილებლად იქნებით თქვენ, აუცილებლად მოხვდებით ამ სანქციების ქვეშ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, თბილისის მერს კახა კალაძეს და მისი ბიზნესპარტნიორი ცდილობენ აშშ-ში ბიზნესის რეგისტრაციას, თუმცა ხაბეიშვილის თქმით, ისინიც სანქიცების რიგში არიან.
„მინდა, საზოგადოებას ვუთხრა ერთი ინფორმაცია, რომელიც ეხება დედაქალაქის მერს და მის ბიზნესპარტნიორ წულაიას, რომელიც აშშ-ში, უფრო კონკრეტულად, ფლორიდაში ცდილობს სამშენებლო ბიზნესის დარეგისტრირებას, საქართველოდან ნაძარცვი ქონების გადატანას და უნდა იცოდნენ კახა კალაძემ და წულაიამ – არ გამოვა, ბიჭებო. აქ თქვენ თავპირი დაალეწოთ ქართველ ხალხს, აქ დემოკრატია და თავისუფლება მოკლათ, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე ხელი მოაწეროთ, მერე გაძარცვოთ ქართველი ხალხი და ფლორიდაში ბიზნესი ააწყოთ, არ გამოვა! თქვენც ამ რიგში დგახართ, რასაც ჰქვია სანქციები.
კიდევ ერთი მოწოდება მინდა გავაკეთო ბიზნეს ასოციაციის წევრებთან – დატოვეთ ეს გაუგებარი ასოციაცია, ვისაც ხმა არ ამოგიღიათ, მოგიწოდებთ, ამოიღოთ ხმა!” – აღნიშნა ხაბეიშვილმა.