უნდა დავდგეთ მყარ პოზიციაზე – საქართველო არ იმსახურებს დამცირებას, მათ შორის, არც ამ ვეტინგის მექანიზმის გამოყენებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ საქართველო არა თუ არ იმსახურებს ასეთ დამცირებას, არამედ ჩვენი სასამართლო სისტემა საჩვენებელიც კი არის მთელი რიგი მონაცემებით.
რაც შეეხება დედაქალაქში, სასამართლოსთან დაკავშირებით გაჩენილ წარწერებს, ვოლსკი მიიჩნევს, რომ ამის უკან პოლიტიკური გუნდები, მათ შორის გაერთიანებული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დგას.
“რაც შეეხება მოსამართლეების იტალიაში ვიზიტს, ეს არის პოლიტიკური განაცხადი, პოლიტიკური დემარში, რომ ამ სასამართლოში არიან თურმე, მოსამართლეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ვეტინგი კარგია. ამაში არაფერი არაა არანორმალური, შეიძლება ვიღაცას მართლაც მოსწონს და ჰქონდეს შეხედულება, რომ საქართველო დამცირებას იმსახურებს, ასე თითის ქნევას იმსახურებენ, მისი მოსამართლეები გადასამოწმებლები არიან კომპეტენციის თვალსაზრისით, საერთაშორისო რეიტინგები არაფერს ნიშნავს. შეიძლება აქვს ვიღაცას ასეთი აზრი, მაგრამ როდესაც ამ აზრის მქონე მატარებელ მოსამართლეებს გარკვეული კარტბლანში ეძლევათ იმისთვის, რომ განცხადებები გააკეთონ, საზღვარგარეთ გარკვეული მიზნებისთვის იარონ, რასაკვირველია, ეს უნდა იყოს განხილული როგორც პოლიტიკური დემარში,” – განაცხადა ვოლსკიმ.