უმუშევრობის დონის მხოლოდ 1,5%-ით შემცირება ძალიან ცოტაა, რადგან 16-პროცენტიანი უმუშევრობა გვაქვს. იდეალურ შემთხვევაში, უმუშევრობა სულ რამდენიმე პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში უცნაური არაფერია.
„უკეთესი იქნებოდა, ეკონომიკური ზრდა რაღაც გარე ფაქტორების, რუსეთიდან დოლარების შემოდინების ხარჯზე არ ხდებოდეს, უმუშევრობა კერძო სექტორში დასაქმების ხარჯზე მცირდებოდეს და არა, მათ შორის საჯარო სექტორში სხვადასხვა ფიქტიური დასაქმებით. ფაქტობრივად, ათიათასობით ადამიანი სოციალურ დახმარებაზეა, თუმცა ვამბობთ, რომ საჯარო სექტორში დასაქმებული არიან. თავისთავად ამ მონაცემებში არაფერი უცნაური არ არის, პირიქით, ძალიანაც მოსალოდნელია. უმუშევრობის დონის თუ არ ვცდები, მხოლოდ 1,5%-ით შემცირება ძალიან ცოტაა, რადგან 16-პროცენტიანი უმუშევრობა გვაქვს და იდეალურ შემთხვევაში, უმუშევრობა სულ რამდენიმე პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.7 პროცენტი შეადგინა.