ულტიმატუმებს და მუქარებს არავის გავუტარებთ, საქართველო რჩება ევროსაბჭოს წევრად, უბრალოდ უარი ვთქვით მუშაობაზე, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაშანტაჟება ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაცია მილიონ ასი ათასზე მეტმა ამომრჩეველმა არჩევნების საშუალებით მიანიჭა.
„ევროსაბჭომ აღიარა ლეგიტიმაცია და ბუნებრივია, ჩვენ არც გვჭირდებოდა ვინმეს აღიარება. მილიონ ასი ათასზე მეტმა ამომრჩეველმა ჩვენ ლეგიტიმაცია მოგვცა და ეს იყო ჩვენთვის უზენაესი. თუმცა, მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციების თუ ცალკეული ქვეყნების აღიარებები მისასალმებელია. ნახეთ ადგილობრივი უსამშობლოები ვინც გვყავს, ე.წ. ოპოზიცია, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. უკრაინელ გონჩარენკოებთან ერთად, როთებსა და გონჩარენკოებს ვეძახი ამათ. გონჩარენკო ხომ იცით ვინც არის, პარტია არ არის დარჩენილი, რომ გამოვლილი არ ჰქონდეს უკრაინის რადაში. დაწყებული ჯერ იანუკოვიჩთან იყო, შემდეგ პრეზიდენტთან, ახლა ამ პრეზიდენტთან, მერე გალახეს, მერე სცემეს, მერე გააპანღურეს, მერე ისევ უკან დაუბრუნდა. ასეთი ადამიანი ჰყავდათ ამათ სპიკერად და პარტნიორად.
გონჩარენკოები ხართ თქვენ, თავიდან ბოლომდე, რომელიც საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ დღენიადაგ იბრძვით. თქვენ არ გაინტერესებთ ქართული ინტერესები, ქართველი ხალხის დაკვეთა. ხარობდით იქ, რომ თურმე როგორ აშანტაჟებენ ქართულ სახელმწიფოს, როგორ ემუქრებიან, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაგეყარათ. გამორიცხულია, ამას არ გაგიტარებთ. ჩვენ ვართ ღირსეული ქვეყნის შვილები, ჩვენ ულტიმატუმებს და მუქარებს არავის გავუტარებთ, რადგან უფლებამოსილება ქართველმა ხალხმა მოგვცა არჩევნებზე მხარდაჭერით. მხოლოდ ღირსებით და სახელმწიფო ინტერესების დაცვით. როგორც კი გაიაზრებს ამას ევროსტრუქტურები, შემდეგ უკვე ჩვენ დავუბრუნდებით და გავაგრძელებთ მუშაობას. იცით თქვენ, რომ საქართველო რჩება ევროსაბჭოს წევრად, უბრალოდ უარი ვთქვით, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაშანტაჟება ხდება“, – განაცხადა ზარქუამ.