ძალიან ლოგიკურად მომეჩვენა, რომ, საბოლოოდ, პრეზიდენტმა უკან წაიღო განცხადება, – ამის შესახებ „გირჩის“ წვერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
იაგო ხვიჩიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა, სადაც აღნიშნულია: „ტელეკომპანია LCI-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილის პასუხში არანაირი ფორმით არ ყოფილა მინიშნება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე ან კონკრეტულად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტზე“.
ხვიჩიას თქმით, სხვანაირადაც შეიძლებოდა აღნიშნული განცხადების ახსნა და მობოდიშება.
„ჩემი აზრით, უკვე პრობლემა არის ის, რომ გიწევს ახსნა-განმარტების გაკეთება, ქვეყნის პრეზიდენტმა ვინ იგულისხმა და ვინ – არა, მით უმეტეს, როდესაც ეს არ ეხება მთლად უბრალო საკითხებს და ეხება ქვეყნის ინტერესებსაც, გინდა, არ გინდა. შესაბამისად, ძალიან ლოგიკურად მომეჩვენა, რომ, საბოლოოდ, პრეზიდენტმა უკან წაიღო ეს განცხადება. არ მიგულისხმიაო, მოეჩვენა ხალხს? ასე ხომ არ არის, მაგრამ სულ არაფერს მობოდიშება სჯობს, თორემ სხვანაირადაც შეიძლებოდა ამის ახსნაც და მობოდიშებაც“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მისივე თქმით, „პრეზიდენტს ჩინეთის მეთაურზე აუგი სიტყვა რომ დასცდა, ეს „ქართული ოცნებისთვისაც“ წარმოადგენდა უხერხულობას“.
„პრეზიდენტისა და „ქართული ოცნების“ თანამშრომლობა წარმომიდგენია ისე, როგორც ისინი შეთანხმდებიან. ქალბატონი პრეზიდენტი „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის ინტერესების საწინააღმდეგოს არაფერს აკეთებს. ჩინეთის მეთაურზე რომ აუგი სიტყვა დასცდა, ეს „ქართული ოცნებისთვისაც“ წარმოადგენდა უხერხულობას, „ქართულმა ოცნებამ“ თავი დაიზღვია, რომ საერთაშორისო სკანდალში არ გახვეულიყო. შიდა ნარატივი აქვთ, რომ ჩვენ პრეზიდენტს იმპიჩმენტს ვუწყობთ, მაგრამ არავინ დაიჯერებს, თითქოს ამით ომი აქვთ გაჩაღებული“, – აღნიშნა ხვიჩიამ.