ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 15 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკვე ჩანს, რომ ალასკაზე ტრამპთან სამიტში გამარჯვებული პუტინი იქნება“ (ავტორი – ბობ სილი, პარლამენტის თემთა პალატის ყოფილი წევრი, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი).
ალასკაზე დაგეგმილი სამიტის სავარაუდო შედეგებზე მსჯელობისას, წინასწარვე ჩანს, რომ გამარჯვებული იქნება მხოლოდ ერთი ადამიანი – ყოველ შემთხვევაში, მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც და ეს ადამიანია რუსი სასტიკი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი.
აი, რატომ:
აშშ-სა და რუსეთის ლიდერებს შორის პირდაპირი შეხვედრის გამართვა კრემლისათვის ძალიან სასიხარულო და ხელსაყრელია. საბჭოთა სპეცსამსახურის – „კაგებეს“ ყოფილი აგენტისათვის – ვლადიმერ პუტინისათვის ასეთი შეხვედრები ცივი ომის დროინდელ დიდებულ სამიტებს ჰგავს, როცა საბჭოთა კავშირი ამერიკის შეერთებული შტატების თანასწორად გამოდიოდა ეკონომიკურ და სამხედრო თვალსაზრისიტ. დღეს კი რუსეთის ეკონომიკა თავისი მოცულობით უფრო მცირეა, ვიდრე იტალიისა და თუ მხედველობაში არ მივიღებთ ნედლეულით (წიაღისეულით) სიმდიდრეს და ბირთვულ იარაღს, რუსეთი ისეთ ქვეყანას წარმოადგენს, რომელიც საშუალო დონისაა და კრიზისის ფაზაში იმყოფება. როცა დონალდ ტრამპს თანასწორად ხვდება, ვლადიმერ პუტინს შეუძლია საკუთარი თავი მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოდ ჩათვალოს, სადაც წესებს ამყარებენ რუსეთი, ამერიკა (და ჩინეთი). ეს სასარგებლო მდგომარეობაა კრემლის გავლენის დემოსტრირებისათვის, თუნდაც ეს გავლენა მოჩვენებითი იყოს.
ალასკის შეხვედრის კადრებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ კარგად ისარგებლებს რუსული პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ტრადიციულად ტყუილებს ავრცელებს. მაგალითად, იმაზე, რომ უკრაინა ნეონაცისტური მარიონეტია კორუმპირებული დასავლეთის ხელში და რომ მოსკოვი თავდაცვით ომს აწარმოებს ნატოსთან უკრაინაში, რათა ალიანსის ჯარების შეჭრა თავიდან აიცილოს. უკრაინის არყოფნა სამიტზე იმაზე მიანიშნებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მხოლოდ პაიკს წარმოადგენს. შეიძლება ერთი შეხედვით არასწორად ნათქვამია, მაგრამ თუ დავუკვირდებით, პუტინისა და ტრამპის შეხვედრა სწორედ ამის დადასტურებას წარმოადგენს.
ვლადიმერ პუტინისათვის ასევე მნიშვნელოვანია თავი აარიდოს უკრაინის ლიდერთან შეხვედრას – იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი უარს აცხადებს ამჟამინდელი უკრაინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას. ის, რომ უკრაინელთა უმრავლესობას სურს საკუთარი სახელმწიფო ჰქონდეთ და წინააღმდეგობას უწევენ რუსეთის მმართველობას, ვლადიმერ პუტინს სრულიად არ აინტერესებს. მისთვის უკრაინული იდენტობა მხოლოდ მითები და ცრუ წარმოდგენებია, ცნობიერების ყალბი ფორმა, რომელიც დასავლეთში რუსეთის მტრებმა შექმნეს, აღმოსავლეთ სლავების ისტორიულ ერთობაში განხეთქილების შეტანის მიზნით. სწორედ ამიტომ იტაცებს პუტინის რეჟიმი ბავშვებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რომ ისინი ახლებურად აღზარდონ და მათი ხელახალი „პროგრამირება“ განახორციელონ.
სამიტის გარეგნული სახე ნერვიულობას იწვევს დასავლეთის დედაქალაქებშიც. ვლადიმერ პუტინი აშკარად არის დარწმუნებული, რომ შეძლებს აშშ-ის განცალკევებას ევროპისა და დიდი ბრიტანეთისაგან. კრემლის ერთ-ერთი გრძელვადიანი მიზანი, ათეული წლების განმავლობაში, ტრანსატლანტიკური კავშირების გაწყვეტაში გამოიხატება. ანუ რაც უფრო გაუმჯობესდება და განმტკიცდება პუტინის ურთიერთობა ტრამპთან (ან ზოგიერთ ევროპელ ლიდერთან), მით უფრო დასუსტდება ნატოს ძლიერება და ერთიანობა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის გლობალური უსაფრთხოების ქვაკუთხედია. ალიანსში გაჩენილი ნებისმიერი განხეთქილება განსაკუთრებით მტკივნეული იქნება ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, რომლებიც იძულებულნი იქნებიან საკუთარ თავზე აიღონ რუსეთის სამომავლო მტრობის მთელი სიმძიმე.
ალასკური შეხვედრის ასპექტები ყველაზე ძალიან, ბუნებრივია, უკრაინას აღელვებს: მძიმეა იმის დანახვა, თუ როგორ წყვეტენ სხვები უკრაინელთა ბედს. პუტინს შეუძლია ისარგებლოს ტრამპის სრულიად გასაგები სამშვიდობო სწრაფვით და აიძულოს იგი უკრაინას დამამცირებელი კაპიტულაციიისაკენ უბიძგოს, მისცეს რუსეთს ის ტერიტორიებიც, რომელიც კრემლს ჯერ კიდევ არ აქვს დაკავებული და ამით დაასუსტოს უკრაინის სახელმწიფოს ერთიანობა.
ვლადიმერ პუტინს სამი მიზანი აქვს თავისი მმართველობის დარჩენილ დროში: პირველი – ჩამოაყალიბოს რუსეთი მკვეთრად ანტისადავლურ სახელმწიფოდ, მეორე – გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფოებრიობა და მესამე – შებღალოს, ძირი გამოუთხაროს ნატოს ავტორიტეტს, ალიანსის რეპუტაციას. პირველ მიზანს მან უკვე მიაღწია, მეორეზე მუშაობს და რაღაც გარკვეულ მომენტში შეეცდება მესამის მიღწევას.
ამ კონტექსტში პუტინს ნამდვილად აქვს საფიქრალი სამიტის დროს. იგი, ალბათ, აცნობიერებს იმას, რომ ბოლო თვეებში ტრამპთან მიმართებით მან თავისი შესაძლებლობები სწორად ვერ გათვალა, როცა ამერიკელი კოლეგით მანიპულირება და მის მიმართ ირონიული დამოკიდებულება გამოავლინა. პუტინი შეიძლება მივიდეს დასკვნამდე, რომ მოლაპარაკების შედეგად შეძლებს დასავლეთის ერთიანობის დარღვევას და უკრაინის მორალურ-სულიერი სიმტკიცის გატეხვას იმით, რომ კრემლის ჯარისკაცები ბრძოლის ველზე გარკვეულ მოკრძალებულ წარმატებას აღწევენ. ამ მიზნით იგი შეიძლება წინასწარგანზრახულად დაჰყვეს ტრამპის ნებას, დაეთანხმოს სამომავლო მოლაპარაკებების გამართვას, რათა ამერიკელ კოლეგას მოეჩვენოს, რომ იგი წარმატებით მოქმედებს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოლაპარაკებების ტაქტიკის რუსულ სკოლაში ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკებები გამოყენებულია როგორც მოწინააღმდეგის ნების დასასუსტებლად, ასევე იძულებითი მშვიდობის მისაღწევად და რომ რუსული სამხედრო დოქტრინის მიხედვით, კონფლიქტის არასაომარი ინსტრუმენტებიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც სამხედრო. თუ პუტინი დაინახავს, რომ შეძლებს დიპლომატიური და ფსიქოლოგიური ტაქტიკით სარგებლობას გამარჯვების მოსაპოვებლად, ის ამ ტაქტიკით ისარგებლებს. თუ ის დაინახავს, რომ მასაც შეუძლია გამარჯვების მიღწევა და იმის გაკეთება, რაც იოსებ სტალინმა გაუკეთა მიამიტ და გულუბრყვილო დასავლეთს იალტის კონფერენციაზე, მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, ის ამას გააკეთებს.
ამრიგად, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს სამიტი წარმოადგენს როგორც დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის ნაწილს (უნდა ვაღიაროთ, რომ იგი ნამდვილად ცდილობს ამ ომის დასრულებას), ასევე ვლადიმერ პუტინის სამხედრო გეგმის ნაწილსაც. კრემლის მეთაურს სურს დამოუკიდებელი უკრაინის განადგურება, იგი მოთმინებას ამჟღავნებს დასახული მიზნის მისაღწევად იმ შემთხვევაშიც კი, როცა ტაქტიკის შეცვლა აუცილებელია.
მოამზადა სიმონ კილაძემ