უკრაინულმა მხარემ გასული ღამის განმავლობაში, კიევის თავზე, 30-მდე დრონი და რაკეტა გაანადგურა – ომის 464-ე დღე

49
spot_img

ომის 464-ე დღეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ღამის განმავლობაში, მარტო კიევის თავზე, 30-მდე დრონი და რაკეტა გაანადგურა. უკრაინის დედაქალაქი ღამით მორიგი საჰაერო იერიშის სამიზნე გახდა. კიევში საჰაერო განგაში ისევ მოქმედებს. ვრცელდება ცნობები, რომ დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, საჰაერო თავდაცვა მუშაობს და დედაქალაქს უპილოტო საფრენი აპარატების კიდევ ერთი ტალღა უახლოვდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. თავშესაფრებია მოწყობილი მეტროსადგურებში. საჰაერო განგაში, კიევის პარალელურად, უკრაინის კიდევ რამდენიმე ოლქში გამოცხადდა.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსული აგრესიისგან თავდასაცავად კიევმა დასავლელი პარტნიორებისგან ძლიერი მხარდაჭერის პირობა მიიღო.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი პოპკოს ინფორმაციით, რუსებმა გამთენიისას დედაქალაქსა და ოლქს უპილოტო საფრენი აპარატებითა და ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს.

“რაკეტების გაშვება განხორციელდა Tu-95MS სტრატეგიული ბომბდამშენებიდან. სავარაუდოდ X-101/555 ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს. ამასთან, კიევს უპილოტო საფრენი აპარატებით ერთდროულად სხვადასხვა მიმართულებიდან შეუტიეს. წინასწარი მონაცემებით, გამოიყენეს Shahed-ის დრონები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა აღმოაჩინეს და გაანადგურეს 30-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის საჰაერო სამიზნე. ამასთან, ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.