უკრაინის ომბუდსმენმა ბრძანა, რომ აპირებს მიმართოს პენიტენციურ სამსახურს, რათა მიხეილ სააკაშვილის მონახულება შეძლოს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომელმაც უკრაინის ომბუდსმენსა და უკრაინის რადის წევრებთან ვიდეოჩართვისას მიხეილ სააკაშვილის საკითხი განიხილა.
როგორც გიული ალასანიამ აღნიშნა, შეხვედრა უკრაინის ომბუდსმენის ინიციატივით შედგა. ამასთან, აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე კვლავ დაინტერესებულია მიხეილ სააკაშვილი სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაიყვანონ.
„შეხვედრა უკრაინის ომბუდსმენის ინიციატივით შედგა. თემა მიხეილ სააკაშვილი იყო. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და გაკვირვებული ვარ, რომ ადამიანებს, რომელთაც ომი აქვთ ქვეყანაში დროს პოულობენ, ჩემს შვილზე ზრუნვა არ შეუწყვეტიათ. წარმოადგინეს თარიღები და ფაქტები, რა მოხდა, როგორ მოხდა, როგორ იცვლებოდა მისი გადაყვანა, სად იყო განთავსებული, ყველაფერი აღრიცხული აქვთ. საუბარი იყო, რომ გაგზავნილია სტრასბურგში საბუთები, ერთმა ლექტორმა თქვა, იქნებ დამატებითი არხები გავაჩინოთ, გავმიჯნოთ იურიდიული საკითხი და სხვა უნივერსიტეტის კოლეგებთან დავამყაროთ ინიციატივა, რაიმე სხვა ჰუმანიტარული მიზნებით შემოვიფარგლოთ. ძალიან დიდი თანაგრძნობა იგრძნობოდა. ბრძოლის პროცესში ყველა ჩაბმულია. ომბუდსმენმა ბრძანა, რომ აპირებს მიმართოს პენიტენციურს, რათა მიხეილ სააკაშვილის მონახულება შეძლოს. ის, რაც მან უკრაინაში გააკეთა ძალიან დაფასებულია. რა თქმა უნდა, უკრაინული მხარე დაინტერესებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან გაიყვანონ”, – აღნიშნა ალასანიამ.