უკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ქრთამის აღების ფაქტზე უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ვსევოლოდ კნიაზევი დააკავეს,- ინფორმაციას უკრაინული მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელის მიერ დაახლოებით, 2.7 მილიონი აშშ დოლარის ქრთამის აღების ფაქტი გამოავლინეს.
უკრაინულ მედიასთან საუბარში წყაროები აცხადებენ, რომ ვსევოლოდ კნიაზევმა, ქრთამი აიღო პირებისგან, რომლებიც ოლიგარქ კონსტანტინ ჟევაგოს ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდნენ.
რაც შეეხება ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციას, უზენაეს სასამართლოში დაადასტურეს, რომ გამოაშკარავდა მასშტაბური კორუფცია, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობისა და მოსამართლეების მიერ არასათანადო სარგებლის მიღების სქემა.
უწყებაში აცხადებენ, რომ დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებდნენ, მაგრამ მათ უკვე გაავრცელეს ფოტო, რომელზედაც დიდი რაოდენობით თანხა ჩანს. უზენაესი სასამართლოს ცნობით, კნიაზევის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, 16 მაისს უზენაესი სასამართლოს პლენუმის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. ვსევოლოდ კნიაზევი, უკრაინის უზენაეს სასამართლოს 2021 წლის 1-ელი დეკემბრიდან ხელმძღვანელობს.