უკრაინის თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს 948 მილიონი გრივნის გაფლანგვაში დასდეს ბრალი. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა იტყობინება.
გარდა ამისა, ბრალი წარედგინა უკრაინის შეიარაღებული ძალების მატერიალური უზრუნველყოფის ცენტრალური სამმართველოს ყოფილ უფროსს. თავდაცვის უწყების სამ ყოფილ მაღალჩინოსანს ქონების გაფლანგვა და უკრაინის შეიარაღებული ძალების კანონიერი საქმიანობისთვის ხელის შეშლა ედებათ ბრალად.
გამოძიების მტკიცებით, ეჭვმიტანილებმა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შეისყიდეს 50 000 ჯავშანჟილეტი, რომლებიც ხარისხითა და დამახასიათებლებით არ შეესაბამებოდა დადგენილ მოთხოვნებს და მათი ჯარში გამოყენება არ შეიძლებოდა. შესყიდვა განხორციელდა არარეზიდენტი კომპანიისგან, რომლის საბოლოო ბენეფიციარები რუსეთის მოქალაქეები არიან. გენპროკურატურის განცხადებით, დანაშაულებრივი მოქმედებების შედეგად სახელმწიფოს 948 მილიაონი გრივნის ოდენობის ზარალი მიადგა.
ორი ეჭვმიტანილი დაკავებულია, მესამეს ადგილმდებარეობის დასადგენად ოპერატიული მოქმედებები მიმდინარეობს.
23 დეკემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის სამინისტროს სამმართველოს უფროსი დააკავა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საარტილერიო ჭურვების შესყიდვისას 1.5 მილიარდი გრივნის მითვისების მცდელობის გამო.