უკრაინის თავდაცვის მინისტრი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მომავალ წელს ელოდება. ამის შესახებ ალექსეი რეზნიკოვმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
რეზნიკოვის თქმით, ის მომავალ წელს დაგეგმილ ნატო-ს სამიტს განიხილავს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შესაძლო დროდ.
„ვინ იცის, იქნებ ეს იყოს ძალიან მნიშვნელოვანი დღე უკრაინისთვის. ეს მხოლოდ ჩემი პროგნოზია“, – განუცხადა რეზნიკოვმა „სიენენს“.
ამასთან, რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინა ალიანსში გაწევრიანებას მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ შეძლებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალ ზაფხულამდე ომი დასრულდება და უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა,რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების სარგებელი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის გათვალისწინებით გაიზარდა.
“გამარჯვების შემდეგ, ეს აუცილებლად იქნება ნატოს ინტერესებში, რადგან ჩვენ გავხდით ნატოს ნამდვილ აღმოსავლურ ფარად. უკრაინამ მოიპოვა ნამდვილი საბრძოლო გამოცდილება და ისწავლა თუ როგორ შეაკავოს და დაამარცხოს რუსები ნატოს სტანდარტების შეიარაღების გამოყენებით”, – განაცხადა რეზნიკოვმა.