უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის დასახლება უროჟაინოე გაათავისუფლეს. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი ავრცელებს.
„უროჟაინოე გათავისუფლებულია. სამხდროები პოზიციებზე მაგრდებიან. შეტევითი ოპერაცია გრძელდება“, – განაცხადა მალიარმა.
მისივე თქმით, მიუხედავად მძიმე ბრძოლებისა, შეტევითი მოქმედებები ასევე ბახმუტის, მელიტოპოლის და ბერდიანსკის მიმართულებებზე გრძელდება.
დისკუსია ტერიტორიების ნაწილის დათმობის სანაცვლოდ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე აბსოლუტურად მიუღებელია, – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო ნატო-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელის, სტიან იენსენის განცხადებას, რომ რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა შეიძლება კიევისთვის მშვიდობის მიღწევისა და ნატო-ში გაწევრიანების გზა იყოს.
“დისკუსია უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე მისი ტერიტორიების ნაწილის დათმობის სანაცვლოდ აბსოლუტურად მიუღებელია. ყოველთვის ვთვლიდით, რომ ალიანსი, ისევე როგორც უკრაინა, ტერიტორიებით არ ვაჭრობს”, – დაწერა ნიკოლენკომ “ფეისბუქზე”.
მისი თქმით, ნატო-ს ოფიციალური პირების შეგნებული თუ გაუცნობიერებელი ჩართულობა უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობის შესახებ ნარატივის ფორმირებაში რუსეთის ინტერესებშია.
„ევროატლანტიკური უსაფრთხოების ინტერესებში კი უკრაინის გამარჯვებისა და ნატო-ში მისი გაწევრიანების დაჩქარების გზების განხილვაა“, – აცხადებს ნიკოლენკო.