უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა F-16 ტიპის გამანადგურებლის ჩამოვარდნა.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„საჰაერო ბრძოლის დროს F-16 ტიპის გამანადგურებელმა აჩვენა თავისი მაღალი ეფექტურობა. კერძოდ, განადგურებული იყო მტრის ოთხი ფრთოსანი რაკეტა. მოგვიანებით ერთ-ერთ თვითმფრინავთან კავშირი გაწყდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თვითმფრინავი ჩამოვარდა, ხოლო მფრინავი დაიღუპა“, – აღნიშნეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.
გენერალურ შტაბში ასევე განაცხადეს, რომ ინციდენტის მიზეზების დასადგენად თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისია დაინიშნა, რომელიც მუშაობს ავიაკატასტროფის ზონაში.