უკრაინა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების სავარაუდო გადაცემის გამო, ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ცნობების გამო, რომლის თანახმადაც ირანმა შესაძლოა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გადასცა. ჩვენ მორიგ ჯერზე მოვუწოდებთ ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას, თავი შეიკავოს რუსეთისთვის, რომელიც გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად აგრესორი სახელმწიფოა, ნებისმიერი სახის შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის გადაცემისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის საგარეო უწყების მტკიცებით, რუსეთი უკვე ორი წელია ირანული წარმოების „შაჰიდის“ ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს უკრაინული ქალაქების დასაბომბად იყენებს. გარდა ამისა, კიევი თვლის, რომ რუსეთსა და ირანს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავება საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ მსოფლიოს.
ოფიციალური კიევი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას გააძლიეროს ზეწოლა თეირანსა და მოსკოვზე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად. „ირანმა სრულად და საბოლოოდ უნდა შეწყვიტოს რუსეთის იარაღით მომარაგება, რათა ქმედებებით და არა სიტყვებით დაამტკიცოს საკუთარი პოლიტიკური ხელმძღვანელობის განცხადებებისადმი ერთგულება იმის თაობაზე, რომ ის რუსულ სამხედრო მანქანას არ კვებავს“, – დასძინეს საგარეო უწყებაში.
კიევი აფრთხილებს თეირანს, რომ ბალისტიკური რაკეტების გადაცემის ფაქტი, დადასტურების შემთხვევაში, უკრაინულ-ირანული ურთიერთობებისთვის დამანგრეველი აღმოჩნდება.
ამერიკულმა გამოცემა The Wall Street Journal-მა 6 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირანმა რუსეთს მცირე რადიუსზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები გაუგზავნა. ოფიციალური თეირანი უარყოფს ამ ცნობებს.