უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკმაოდ აგრესიულად გამოეხმაურა გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის შედეგად ბუნებრივი აირის გაძვირების შესახებ, დღეს კი უკრაინის პარლამენტის ვებგვერდზე დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც ბუნებრივი აირისა და ნავთობის გაყიდვის შეწყვეტას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სიიარტო აღნიშნავს, გაზისა და ნავთობის სატრანსპორტო მარშრუტების დახურვა მიუღებელია და ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ მოლოდინებს.
„რეალობა ისაა, რომ ევროკავშირში წევრი ქვეყნები ერთობლივად და ერთხმად წყვეტენ ახალი წევრების მიღებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა მისცეს ხმა „დიახ““, – განაცხადა სიიარტომ.
მისი თქმით, თითოეულ სახელმწიფოს „სუვერენული უფლება აქვს, გადაწყვიტოს სად და როგორ ყიდულობს ენერგორესურსებს, რომლებიც მას სჭირდება“ და არავის აქვს უფლება, სხვა ქვეყანას დაუწესოს უფრო ძვირი ენერგორესურსები.
ამასთან, ვალდებულებებზე საუბრისას სიიარტომ განაცხადა, რომ სახელმწიფო, რომელიც აფორმებს ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან ან სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი, ვალდებულია, სატრანსპორტო მარშრუტების უზრუნველყოფით წვლილი შეიტანოს ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში.
„ამიტომ გაზისა და ნავთობის მარშრუტების ჩაკეტვა მიუღებელია და ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ მოლოდინებს“, – აღნიშნა სიიარტომ.