“უკრაინის მიმართ დასავლეთის მიერ ჩადენილი ღალატი, რომელიც დღემდე გრძელდება”-The Times

40
spot_img

ბრიტანულ გაზეთ „თაიმსის“ (The Times) 30 მაისი ნომერში გამოქვეყნებულია ცნობილი ინგლისელი პუბლიცისტისა და ჟურნალისტის ედვარდ ლუკასის სტატია სათაურით: “უკრაინის მიმართ დასავლეთის მიერ ჩადენილი ღალატი, რომელიც დღემდე გრძელდება”. პუბლიკაციაში განხილულია რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთდამოკიდებულების ასპექტები რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. ავტორი იხსენებს ცნობილი პოლიტოლოგის ზბიგნევ ბზეჟინსკის პოზიციას რუსეთის მიმართ: „აშშ-მა დიდი ხანია იცოდა, რომ რუსეთის გავლენის სფეროზე პრეტენზიების გაცხადება მას რაიმე სარგებელს არ მოუტანდა – ამის შესახებ თეთრ სახლს ჯერ კიდევ ზბიგნევ ბზეჟინსკი აფრთხილებდა“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

ზბიგნევ ბზეჟინსკი ცივი ომის დროინდელი გამოჩენილ ამერიკელ მოაზროვნეს და სახელმწიფო მოღვაწეს წარმოადგენდა. ახლახან წავიკითხე წიგნი სახელწოდებით „ზბიგ“, რომელიც ოსტატურად დაწერა ჩემმა სეხნიამ „ფაინენშელ თაიმსიდან“ – ედვარდ ლიუსმა. დავფიქრდი, თუ რას იტყოდა ცივ ომში დასავლეთის გამარჯვების არქიტექტორი იმ ფიასკოზე, რომელიც იმავე დასავლეთისათვის დღეს უკრაინაში მზადდება და ახლოვდება. სავარაუდოდ, ალბათ, ასე: „მე ხომ გეუბნებოდით, გაფრთხილებდით რუსეთთან დაკავშირებით…“.

1928 წელს დაბადებული ზბიგნევ ბზეჟინსკის  ცხოვრებამ დასავლეთის ღალატის ფონზე გაიარა. ყველა, ვინც კი ჩვენ [დასავლეთს] გვენდო და ჩვენი იმედი ჰქონდა, საბოლოოდ სწორედ ჩვენს გამო იტანჯებოდნენ და ზარალდებოდნენ. ბზეჟინსკისაც ასეთი ბედი დაჰყვა. მისი მომავალი ცოლის სამშობლო – ჩეხოსლოვაკია – ჩვენ ჰიტლერს გადავეცით, მიუნხენის გარიგებით, 1938 წელს. მისი მშობლიური პოლონეთი და დანარჩენი აღმოსავლეთი ევროპა – ჯერ გერმანიას, შემდეგ კი იოსებ სტალინს, იალტის 1945 წლის კონფერენციით. ჩვენ ყველანაირად ვაქეზებდით უნგრელთა აჯანყებას 1956 წელს კომუნისტური ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ როცა კრემლმა ის სისხლში ჩაახშო, ჩვენ, დასავლეთი, განზე გავდექით. დასავლეთი მაინცდამაინც დიდად არ შეშფოთებულა საბჭოთა ჯარების შეჭრითაც ჩეხოსლოვაკიაში 1968 წელს და „პრაღის გაზაფხულის“ განადგურებით…

ზბიგნევ ბზეჟინსკიმ, მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯიმი კარტერის პრეზიდენტობის დროს (1977-1981 წლებში), ჩამოთვლილი კატასტროფებიდან სწორი დასკვნა გააკეთა: ნუ მისცემ ისეთ პირობას, რისი შესრულებაც არ შეგიძლია. მას არ მოსწონდა როგორც ფატალიზმის (გარდაუვალობის) მიმდევრები (მაგალითად, თავისი მეტოქე ჰენრი კისინჯერი, რომელიც თვლიდა, რომ ევროპაში რუსეთის გავლენა გარდაუვალი იყო), ასევე უსაფუძვლო, მოჩვენებითი „მეომრული განწყობა“ და თავისუფლების მხარდამჭერი ცარიელი გზავნილები, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე. ზბიგნევ ბზეჟინსკი უპირატესობას ანიჭებდა ხანგრძლივ თამაშს, რომლის წარმატებით დასრულებაში დარწმუნებული იყო. მისი ერთ-ერთი დამსახურება გახლდათ ის, რომ ხელი შეუშალა საბჭოთა გეგმას პოლონეთში შესაჭრელად, „სოლიდარობის“ მიერ გამოწვეული კრიზისის დროს. ზბიგნევ ბზეჟინსკი ხისტ დიპლომატიას ატარებდა კრემლის წინააღმდეგ ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის პერიოდში, მაგრამ იმავდროულად პოლონელ ოპოზიციონერებს აფრთხილებდა, რომ კომუნისტურ ხელისუფლებას პირდაპირ ბრძოლაში ნუ გამოიწვევდნენ – მას სჯეროდა, რომ კომუნისტური წყობა დაემხობოდა და სოციალისტური ბანაკი დაიშლებოდა. ზბიგნევ ბზეჟინსკის გაფრთხილებამ შედეგი გამოიღო: პოლონეთში 1980 წლის კრიზისი სამოქალაქო ომში არ გადაზრდილა. ათი წლის შემდეგ კი საბჭოთა სისტემა დაემხო.

საბჭოთა ეპოქის შემდეგ უკრაინა მიყრუებული და იმავდროულად კორუმპირებული ქვეყანა გახდა, რომელზეც  რუსეთი დომინირებდა. ამასთან, როცა რუსეთ-უკრაინის ერთობაში დასავლეთი ვერაფერს სახიფათოს ვერ ამჩნევდა, ზბიგნევ ბზეჟინსკი წინასწარმეტყველურად ამბობდა: „უკრაინასთან ერთად რუსეთი ავტომატურად ხდება იმპერია, კიევთან ერთად მოსკოვი ყოველთვის გამოამჟღავნებს თავის იმპერიალისტურ ბუნებას, უკრაინის გარეშე კი რუსეთი იმპერია აღარ (და ვერ) გახდება“ (…)

მიუხედავად იმისა, რომ ზბიგნევ ბზეჟინსკის რადიკალური, „ქორული“ პოზიცია ჰქონდა რუსული იმპერიალიზმის მიმართ, იგი მტკიცედ გამოდიოდა უკრაინის ნატოში მიღების წინააღმდეგ. თავის წიგნში „დიდი საჭადრაკო დაფა“, რომელიც 1997 წელს გამოქვეყნდა, იგი გამაფრთხილებლად აცხადებდა, რომ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრად მიღება „ყველაზე სახიფათო სცენარამდე მიგვიყვანს“ – ანტიდასავლურ კოალიციამდე ჩინეთის, რუსეთისა და სავარაუდოდ, ირანის მონაწილეობით, რომელიც ჩამოყალიბდება არა იმდენად იდეოლოგიით, არამედ ერთმანეთისადმი არადიპლომატიური დამოკიდებულებით“.

დღეს ჩვენ დაახლოებით სწორედ ისეთი სურათი გვაქვს, როგორიც ზბიგნევ ბზეჟინსკიმ იწინასწარმეტყველა. გარდა იმისა, რომ ჩვენი მტრები ერთმანეთის მეგობრები გახდნენ, ის ქვეყანა, რომლის დახმარებასაც ჩვენ ვცდილობდით, ფაქტობრივად დანგრეულია. დასამალი არაა, რომ ეს სწორედ ჩვენი ბრალია. დასავლეთი აქეზებდა უკრაინის ნატოსაკენ სწრაფვას – კერძოდ, ჯორჯ ბუშ-უმცროსის ადმინისტრაციამ 2008 წელს კიევს ნატოში მიღება აღუთქვა.

დღეს რუსეთი უპირატესობას ფლობს – პოლიტიკური, დიპლომატიური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო თვალსაზრისით. კრემლმა უკვე მოიპოვა მნიშვნელოვანი გამარჯვებები. რუსეთმა აჩვენა, რომ მისი ბირთვული შანტაჟი მოქმედებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება შეიძლება და რომ დონალდ ტრამპისათვის სულ ერთია, რას ფიქრობენ აშშ-ის ევროპელი მოკავშირეები. სიტუაციას ისეთი პირი უჩანს, რომ რაც დრო გადის, უფრო უარესია მოსალოდნელი.

ჩვენს უკრაინელ მეგობრებს წინ უმძიმესი ზაფხული და მრისხანე ზამთარი ელოდება. ვლადიმერ პუტინს სრულებით შეუძლია თავისი უპირატესობით ისარგებლოს და კიდევ უფრო ფართო შეტევა განავითაროს. ყველასთვის ცნობილია, რომ ისეთ ომში, რომელიც ერთმანეთის გამოფიტვამდე გრძელდება, უძლიერესი იმარჯვებს. (…)

თუ რუსეთის საბოლოო ჯამში 30-დღიან დაზავებას დათანხმდება, ცეცხლის შეწყვეტის დროის განმავლობაში ვლადიმერ პუტინს შეუძლია იმდენი რაკეტა და დრონი დააგროვოს, რომ როცა საომარი მოქმედებები განახლდება, მისთვის ძნელი არ იქნება უკრაინის დასუსტებული ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საბოლოო განადგურება. სხვათა შორის, ამ მხრივ ნიშანდობლივია ის, რომ გასულ კვირას უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვამ ვერცერთი რუსული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება ვერ შეძლო. „ისკანდერებმა“ კიევს შეუტიეს, რომელსაც ამერიკული „პეტრიოტის“ სულ მცირე ორი ბატარეა მაინც იცავს, თუმცა ისინი საკმარისი არ აღმოჩნდნენ. ახლახან უკრაინის თხოვნას „პეტრიოტების“ დამატებით გადაცემის თაობაზე დონალდ ტრამპმა დაცინვით უპასუხა.

ამასობაში დიდი ბრიტანეთი და მისი ევროპელი მოკავშირეები აშკარად არ არიან მზად უკრაინას საიმედო შემკავებელი ძალებით დაეხმარონ. მათ არ სურთ ამის გაკეთება და რომ მოისურვონ დახმარება, უკვე დაგვიანებულია. ჩვენ თავის დროზე ვერ გავრისკეთ კიევისათვის საჭირო იარაღი მიგვეცა, როცა მას გამარჯვების შანსი ჰქონდა და განა ახლა დავუდგებით გვერდით, როცა ომში მარცხდება? დონალდ ტრამპისათვის სულ უბრალო დაზავებაც კი საკმარისია, რომ მან რუსეთს სანქციები მოუხსნას ან შეურბილოს. ვლადიმერ პუტინი კი შეძლებს ნებისმიერ მომენტში განაახლოს საომარი მოქმედებები. ამისათვის ერთი პროვოკაციის იმიტაციაც კი საკმარისია, რომ კრემლმა ყველაფერი უკრაინას დააბრალოს. უფრო მეტიც: იმის გამო, რომ ნატოს ავტორიტეტი საკმაოდ არის შერყეული, რუსეთს შეუძლია უფრო მზაკვრული ნაბიჯები გადადგას.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: