„უკრაინის მასშტაბით სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ მაღალია“

89
spot_img

რუსეთ-უკრაინის ომის 426-ე დღე – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთმა უკრაინაში 186 420 ჯარისკაცი დაკარგა, მათგან 690 ბოლო ერთ დღეში. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ასევე განადგურებულია 5 ტანკი, 14 საარტილერიო სისტემა და 24 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი.

უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯამში, ომის დაწყებიდან დღემდე, განადგურებულია 3 688 ტანკი, 7 151 ჯავშანმანქანა, 2 863 საარტილერიო სისტემა, 539 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა, 291 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 308 თვითმფრინავი, 294 ვერტმფრენი, 2 437 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენ აპარატი, 911 ფრთოსანი რაკეტა, 18 გემი/ნავი, 5 784 საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი, 345 ერთეული სპეცტექნიკა.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 3 მიმართულებით მოწინააღმდეგის 43 შეტევა მოიგერიეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

„მტრის ძირითადი ძალისხმევა კვლავ კონცენტრირებულია შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე ბახმუტის, ავდიივკასა და მარინსკის მიმართულებებით. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა ფრონტის მითითებულ სექტორებში მტრის 43 შეტევა მოიგერიეს. სასტიკი ბრძოლა გრძელდება ბახმუტისა და მარინკასათვის“, – აცხადებენ გენშტაბში.

ამასთან, უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 6 სარაკეტო და 62 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი ცეცხლი 70-ჯერ გახსნეს. „უკრაინის მასშტაბით სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ მაღალია“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, მოწინააღმდეგის ქმედებების საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, ოკუპანტების პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს 9 დარტყმა მიაყენა, საზენიტო-სარაკეტო სისტემებს კი 3-ჯერ დაარტყა. ამასთან, უკრაინის დამცველებმა მოწინააღმდეგის კუთვნილი სხვადასხვა ტიპის 10 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

გარდა ამისა, გასული დღის განმავლობაში სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა რუსული ძალების საზენიტო-სარაკეტო სისტემას დაარტყეს.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაპირებული Abrams-ის ტიპის ტანკები უკრაინაში, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე ჩავიდეს. ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა.

მანიმედი გამოთქვა, რომ M1 Abrams-ის ტანკების ქვეყანაში გადაყვანა და უკრაინელი სამხედროების მომზადება გერმანიაში 2023 წლის ბოლომდე დასრულდება.

პატრიკ რაიდერის განმარტებით, ტანკები, რომლებიც გერმანიაში წვრთნებისთვის ჩავა, განსხვავდება საბრძოლო ტანკებისგან, რომლებსაც შემდგომში უკრაინის არმია მიიღებს.

“ეს ტანკები გამოყენებული იქნება მხოლოდ საწვრთნელად. ეს არ არის განახლებული ტანკები, რომლებიც მოგვიანებით უკრაინაში წავა”, – აღნიშნა გენერალმა პატრიკ რაიდერმა.

მისი თქმით, განახლებული საბრძოლო ტანკები აღჭურვილი იქნება ფრონტზე საბრძოლო მოქმედებების სპეციფიკის მიხედვით.

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსი ოკუპანტები აგრძელებდნენ სახმელეთო შეტევებს ბახმუტსა და მის შემოგარენში, თუმცა ბოლო ორი დღის განმავლობაში ვერანაირ ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს.

როგორც ISW-ის ანგარიშშია აღნიშნული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის თავდასხმები ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთით მოიგერია. ამას გარდა, უკრაინელები აგრძელებენ ბრძოლას იმისათვის, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები უკუაგდონ ხრომოვოს გზიდან.

რაც შეეხება რუსულ რეგულარულ ჯარებს, სამხედრო ექსპერტების ცნობით, ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ პოზიციურ ბრძოლებში იყვნენ ჩართული ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთით.