„უკრაინის კონტრშეტევის ყველაზე დიდი პრობლემა: „რუსეთის თავდაცვითი სისტემა არ ირღვევა“

271
spot_img

გერმანული გაზეთი „ტაგესშპიგელი“ (Der Tagesspiegel) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინის კონტრშეტევის ყველაზე დიდი პრობლემა: „რუსეთის თავდაცვითი სისტემა არ ირღვევა“ (ავტორი – ბენჯამინ ხირში).

„რამდენიმეკვირიანი გააფთრებული ბრძოლებისა და დანაღმული ველების გავლის  შემდეგ კიევის არმია ფრონტის ზოგიერთ უბანზე რუსეთის თავდაცვითი სისტემის პირველ ზღუდეს მიუახლოვდა. სისხლისმღვრელ ბრძოლებში უკრაინელი ჯარისკაცები ნელ-ნელა იკავებენ სოფლებს“ – ნათქვამია სტატიის დასაწყისში.

„მაგრამ კონტრშეტევა ბიძგებით მიმდინარეობს, დაყოვნებით ვითარდება, უკრაინული ქვედანაყოფები წინ ძალიან ნელა მიიწევენ“, – წერს ავტორი და მიზეზების გასარკვევად ავსტრიელ სამხედრო ექსპერტს ფრანც-შტეფან გადის ესაუბრება, რომელიც ამ ცოტა ხნის წინათ პირადად იმყოფებოდა უკრაინაში და ყველაფერი საკუთარი თვალით დაინახა.

„კონტრშეტევის დაწყებამდე დასავლეთში თვლიდნენ, რომ ნატოს ქვეყნებში სწავლების ინტენსიური კურსის გავლის შემდეგ უკრაინელი ჯარისკაცები თავიანთ უპირატესობას აჩვენებდნენ რუსების „მოძველებული სამხედრო დოქტრინის“ წინაშე, მაგრამ სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარადაა“, – ამბობს ექსპერტი, – „კიევს დღემდე ვერ მოუგვარებია შეიარაღებული ძალების ცალკეული სახეობების ურთიერთქმედების საკითხი“. ჯარის ნაწილები ერთმანეთთან სინქრონულად არ მოქმედებენ, რაც, ავსტრიელი სამხედრო ექსპერტის აზრით, კონტრშეტევის ნელი განვითარების მთავარ მიზეზს წარმოადგენს. გარდა ამისა, უკრაინელები კვლავ მოწყვლადები არიან რუსული არტილერიისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მიმართ.

უკრაინის არმიას არ გამოსდის, რომ რუსეთის თავდაცვის სისტემა თანმიმდევრულად დაანგრიოს. კიევი გაჭიანურებულ ბრძოლაზე გადადის და იმედი აქვს, რომ დასავლეთის დახმარებით და იარაღის განუწყვეტელი შევსებით რუსეთის არმიას გამოფიტავს, მაგრამ შეიძლება პირიქით მოხდეს – უკრაინის რეზერვები შემცირდეს.

„დასავლური იარაღის მიწოდება ყოველთვის არ არის გადამწყვეტი ფაქტორი“, – ამბობს ფრანც-შტეფან გადი, – „მთავარია, როგორი ტაქტიკით აგრძელებ ბრძოლას. რუსები წარმატებით იყენებენ არტილერიას და უკრაინელებს მანამდე აჩერებენ, სანამ ისინი დანაღმულ ველებს და თავდაცვითი სისტემის პირველ ზღუდეებს მიუახლოვდებიან. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ უკრაინელების კონტრშეტევა შემოდგომამდე გაგრძელდება. კიევს წარმატების შანსი აქვს, მაგრამ მისი მიღწევა ძალიან რთული იქნება.

ამის მიუხედავად, ავსტრიელი მკვლევარი ფრთხილ ოპტიმიზმს ინარჩუნებს: „მთავარი და მნიშვნელოვანი ისაა, რომ უკრაინელებმა მასშტაბური საერთო-საჯარისო ოპერაციების განხორციელების დროს უნდა მოაგვარონ ჯარის მობილური მართვის საკითხი, ყურადღება უნდა დაუთმონ არტილერიის შესაძლებლობის სრულყოფილად სარგებლობას“, – ამბობს ექსპერტი „ტაგესშპიგელთან“ საუბარში. „საბოლოო განაჩენი ჯერ კიდევ არ არის გამოტანილი, მაგრამ მიმდინარე შეტევაზე შუალედური დასკვნა ასეთია: „კიევი სამხედრო წარმატებას მიაღწევს, მაგრამ ეს უკავშირდება სერიოზულ დანაკარგებს, რაც ყოველთვის თან ახლავს სერიოზულ გამოწვევებს“.

წყარო