უკრაინის კონტრშეტევა ხანგრძლივი და სისხლიანი იქნება – ამერიკელი გენერალი მარკ მილი

73
spot_img

ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი რანგის სამხედრო ოფიცერი, გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ უკრაინის კონტრშეტევა რუსეთის წინააღმდეგ რთული და „ძალიან სისხლიანი“ იქნება.

გენერლის თქმით, არ უკვირს, რომ კონტრშეტევის პროგრესი იმაზე ნელია, ვიდრე ამის მოლოდინი არსებობდა. თუმცა, მარკ მილი დასძენს, რომ უკრაინა „ურყევად მიიწევს წინ“.

„პროცესი ცოტა ნელა მიდის, მაგრამ ასეთია ომის ბუნება. დღეში 500 მეტრი, ორ დღში 1000, მერე 2 000.  ომი ქაღალდზე და რეალობაში ერთმანეთისგან განსხვავდება. რეალურ ომში ნამდვილი ადამიანები იღუპებიან. რეალური ადამიანები არიან ფრონტის ხაზებზე და რეალური ადამიანები მართავენ ჯავშანტექნიკას. ნამდვილი ადამიანები იღუპებიან ასაფეთქებელ ნივთიერებებზე“, – განუცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ, გენერალმა მილმა ვაშინგტონში, ეროვნულ პრესკლუბში შეკრებილებს.

მან ასევე გამოთქვა პროგნოზი, თუ რა დროა საჭირო კონტრშეტევის წარმატებისთვის.

„მე ვთქვი, რომ ამას დასჭირდება ექვსი, რვა, 10 კვირა და ეს ძალიან რთული იქნება. ეს იქნება ძალიან ხანგრძლივი და ძალიან, ძალიან სისხლიანი. ამასთან დაკავშირებით არავის არ უნდა ჰქონდეს რაიმე ილუზია. უკრაინელი ჯარისკაცები შეტევებს ახორციელებენ დანაღმულ მინდვრებზე, სანგრებიდან. ეს პირდაპირი მნიშვნელობით, სიცოცხლისთვის ბრძოლაა“, – ამბობს მარკ მილი.

ამასთან, როგორც მარკ მილი ამბობს, აშშ უკრაინას იმ რაოდენობის სამხედრო დახმარებას უწევს, „რამდენიც შესაძლებელია“.

როგორც BBC წერს, ამას წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ „გარკვეული“ დასავლელი პარტნიორების დადანაშაულება უკრაინელი პილოტების დაპირებული გაწვრთნის გაჭიანურებაში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ზოგიერთმა დასავლურმა ქვეყანამ პირობა დადო, რომ კიეველ პილოტების F-16-ის ტიპის ამერიკული წარმოების სამხედრო გამანადგურებლების გამოყენებაში გაწვრთნიდა, თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზოგიერთმა მოკავშირემ ამ პირობის შესრულება გააჭიანურა.

„ბიბისი“ ხაზს უსვამს, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ადრეც აღიარა უკრაინის კონტრშეტევის ნელი პროგრესი.

ხოლო უკრაინის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია უკრაინისთვის დასავლეთის მიერ შეპირებული იარაღის ნელი მიწოდებით.

„მე არ მჭირდება 120 თვითმფრინავი. მთელს მსოფლიოს არ ვემუქრები. შეზღუდული რაოდენობითაც საკმარისი იქნება“, – ამბობს ის.

ამასთან, როგორც BBC აღნიშნავს, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი წინასწარ გაუხმაურებელი ვიზიტით ეწვია უკრაინას, სადაც პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლებს შეხვდა.

„როგორც ითქვა, CIA-ს დირექტორმა განიხილა უკრაინის კონტრშეტევა რუსული ძალების წინააღმდეგ და ასევე, დაადასტურა აშშ-ის ვალდებულება სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასთან დაკავშირებით“, – წერს BBC.