“უკრაინის გამარჯვების გზა დონალდ ტრამპის გარეშე: როგორ შეუძლიათ კიევს და ევროპას რუსეთის დამარცხება აშშ-სგან დამოუკიდებლად”-Foreign policy

77
spot_img

ამერიკულ ჟურნალ „ფორინ პოლისში“ (Foreign policy) დაბეჭდილია სტატია სათაურით: „უკრაინის გამარჯვების გზა დონალდ ტრამპის გარეშე: როგორ შეუძლიათ კიევს და ევროპას რუსეთის დამარცხება აშშ-სგან დამოუკიდებლად“ (ავტორი – პოლ ჰოკენოსი). ვრცელ ანალიტიკურ პუბლიკაციაში განხილულია უკრაინისადმი ევროპის ქმედითი დახმარების სცენარები – ის, რაც უნდა გაკეთდეს ომში უკრაინის გამარჯვებისათვის, ამჯერად ევროპელების მხრიდან, როცა ამერიკას კიევისადმი დახმარების გაწევის შემცირება აქვს განზრახული.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

თეთრ სახლში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ უკრაინის პერსპექტივა რუსეთთან დაპირისპირებაში შესამჩნევად გაფერმკრთალდა. აშშ-ის პრეზიდენტმა არაერთგზის განაცხადა, რომ კიევს ისეთ სამხედრო დახმარებას არ გაუწევს, როგორსაც ჯო ბაიდენი უწევდა. ჩამოყალიბდა სიტუაცია, რომელმაც ძალიან შეავიწროვა უკრაინის გზა უსაფრთხო და სუვერენული მომავლისაკენ. ასეთმა მდგომარეობამ, თავის მხრივ, ბევრ ევროპელ დამკვირვებელში ღრმა პესიმიზმისა და სკეპტიციზმის გრძნობა გააჩინა.

მაგრამ გადაჭარბებული პესიმიზმი უადგილო და კონტრპროდუქტიულია. უკრაინა უკვე აწარმოებს ყველაზე თანამედროვე იარაღს თავისი არმიისათვის და აქტიურად ნერგავს ინოვაციურ ტექნოლოგიებს  ბრძოლის ველზეც. კიევი წარმატებით გაუმკლავდა რუსეთს შავი ზღვის აკვატორიაში და ამას წინათ კრემლისათვის სრულიად მოულოდნელად განახორციელა საჰაერო ოპერაცია კოდური სახელწოდებით „ობობას ქსელი“, თანაც რუსეთის ღრმა ზურგში, აღმოსავლეთ ციმბირში, ბაიკალის ტბასთან, რასაც მოსკოვი ვერანაირად ვერ წარმოიდგენდა. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინელებს აქვთ ბრძოლის გაგრძელების უნარი და აქვთ სტრატეგია გამარჯვებისათვის – აშშ- დახმარების გარეშეც კი, რომელსაც კიევი მიჩვეული იყო და ახლა სავარაუდოდ, ძალიან შემცირდება.

გასულ კვირას ოდესაში (უკრაინა) შავი ზღვის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ფორუმი ჩატარდა, რომლის მონაწილეებმა იმედი გამოხატეს, რომ დონალდ ტრამპი საბოლოო ჯამში თავის პოზიციას შეიცვლის უკრაინის მიმართ და სამხედრო დახმარებას მეტი მოცულობით აღადგენს, ვიდრე ჯო ბაიდენის დროს იყო. ისინი იმედოვნებენ, რომ დონალდ ტრამპი უკრაინას თავის მოკავშირედ აღიარებს და აცხადებენ, რომ უკრაინა იმსახურებს ათეული მილიარდობით დახმარებას და რომ დონალდ ტრამპი, ბოლოს და ბოლოს, გააცნობიერებს, რომ ვლადიმერ პუტინი მას ათამაშებს და მისი განცხადებები ცეცხლის შეწყვეტის სურვილის თაობაზე მხოლოდ სიცრუეა და სხვა არაფერი. ზოგიერთები თვლიან, რომ უფრო რეალურია სხვა სცენარი: დონალდ ტრამპს შეუძლია კიევი და მოსკოვი დაადანაშაულოს – რადგანაც ისინი ვაშინგტონის მოთხოვნებს არ ასრულებენ [დაზავები საკითხში], ამიტომ თეთრი სახლი შეწყვეტს თავის მონაწილეობას (შუამავლობას) დიპლომატიურ მოლაპარაკებაში და კიევს ამერიკულ იარაღს აღარ მისცემს.

თუმცა ამ სიტუაციაში მთავარია ერთი მომენტი: დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაზე საბოლოოდ უარს არ აცხადებს. ამერიკელი პოლიტიკოსები, მათ შორის რესპუბლიკელთა უმრავლესობა, აცნობიერებენ, რომ უკრაინის სავარაუდო კრახით ვაშინგტონს სერიოზული პრობლემები გაუჩნდება. ამიტომაც აშშ მაინც გააგრძელებს, ნებისმიერ სიტუაციაში, უკრაინისადმი დახმარების გაწევას ძველი მოცულობითაც კი, თუ ეს აშშ-სათვის ძალიან მძიმე ტვირთი არ იქნება.

ვაშინგტონელი ინსაიდერები, რომლებიც კარგად არიან ჩახედულნი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საქმეებში უკრაინის მიმართულებით, ამტკიცებენ, რომ აშშ არ შეზღუდავს უკრაინისადმი დახმარებას თანამგზავრული (კოსმოსური) დაზვერვის მონაცემებით, რომლებიც ჰაერივით აუცილებელი და სასარგებლოა კიევის არმიისათვის – ბრძოლის ველზე და მტრის ზურგში სამიზნეების ზუსტი განსაზღვრისათვის. ფრონტის ხაზის კოსმოსური ფოტოსურათები უკრაინისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, ისინი არმიის თვალს და ყურებს წარმოადგენენ.

რუსეთ-უკრაინის ომის (ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“) დაწყების შემდეგ აშშ-ის გეოსივრცობრივი დაზვერვის ეროვნულმა სააგენტომ უკრაინას კოსმოსური თანამგზავრების მიერ გადაღებული ფოტოების პლატფორმაზე დაშვების უფლება მისცა. ფოტოსურათები უმაღლესი დონის გარჩევადობით გამოირჩევიან და მათი გამოყენების და  მიხედვით იქმნება სრული წარმოადგენს რუსეთის არმიის ქვედანაყოფების გადაადგილების თაობაზე. შესაბამისად, უკრაინის ჯარებისათვის ორიენტაცია გაიოლებულია. როგორც საქმეში ჩახედული პირები ამბობენ, უკრაინული დრონების მიერ რუსეთის ზურგში განხორციელებული ოპერაციები და შორსმსროლელი არტილერიის დაბომბვები სწორედ კოსმოსიდან გადაღებული ფოტოებით არის შესაძლებელი.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ეს არის ერთ-ერთი იმ ტექნოლოგიებიდან, რომლის ჩანაცვლება არც უკრაინელებს და არც ევროპელებს არანაირად არ შეუძლიათ, მხოლოდ ამერიკულ თანამგზავრებს აქვს დედამიწის ორბიტიდან განხორციელებული კოსმოსური დაკვირვების შესაძლებლობა. გავიხსენოთ, რომ როცა დონალდ ტრამპმა დროებით შეუჩერა უკრაინას აღნიშნული მონაცემების გადაცემა (თეთრ სახლში მომხდარი ცნობილი ინციდენტის შემდეგ), კიევს ეს ძალიან ძვირად დაუჯდა – ვოლოდიმირ ზელენსკი უკიდურესად არამომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდა. ასე რომ, აშშ-ის ასეთი დახმარება უკრაინისათვის აუცილებელია და თანაც ძალიან იაფი.

სადაზვერვო მონაცემებით უზრუნველყოფის გარდა უკრაინის წარმატება ამჟამად დამოკიდებულია იმაზეც, გახდება თუ არა ევროპა მისი მთავარი მოკავშირე და მწყალობელი. არის ყველა ნიშანი იმისა, რომ საქმე სწორედ ამისკენ მიდის – მართალია ნელა და დაყოვნებით, მაგრამ მაინც. წამყვანი ევროპელი სახელმწიფოები – საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და პოლონეთი – ისწრაფვიან, რომ ამ საქმეში თავიანთი ლიდერობა განამტკიცონ. ამ მიზნით მათ – ევროკავშირის ინსტიტუტებთან ერთად – დიდი თანხები გამოჰყვეს უკრაინის შეიარაღებისათვის და ფინანსური უზრუნველყოფისათვის. ევროკავშირი უკვე ამზადებს უფრო ხისტ და მკაცრ ანტირუსულ სანქციებს.

ევროპელები უკრაინას არამარტო დახმარებას ჰპირდებიან, არამედ ისინი იმასაც აცნობიერებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთ-უკრაინის ომში კიევის გამარჯვება თვით ევროპის უსაფრთხოების გრძელვადიანი განმტკიცებისთვისაც. დღეს ეს გარემოება მათთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც ფრიდრიხ მერცმა გერმანიის კანცლერის პოსტი დაიკავა, ბერლინი მნიშვნელოვნად გააქტიურდა დიპლომატიურად, რაც არ იყო ოლაფ შოლცის მმართველობის დროს. ევროკავშირმა, რომელსაც რუსეთთან შედარებით ცხრაჯერ მეტი მოცულობის ეკონომიკა აქვს, უკვე დაიწყო აშშ-ის ჩანაცვლება უკრაინის შეიარაღებითა და ფინანსებით უზრუნველყოფაში.

2021-2024 წლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვითი ბიუჯეტი 218 მილიარდი ევროდან 326 მილიარდ ევრომდე გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ 2027 წლისათვის ხარჯები კიდევ მინიმუმ 100 მილიარდით გაიზრდება. დღეისათვის ევროკავშირის ინსტიტუტების საქმიანობამ სრულიად ახალ დონეს მიაღწია – ისინი თითქმის მთლიანად არიან გადასულნი უკრაინის დახმარების განმტკიცებაზე.

მსოფლიო ეკონომიკის კვლევის კილის ინსტიტუტი (გერმანია) მივიდა დასკვნამდე, რომ ევროპას თავისი ხარჯების გაორმაგება მოუწევს, რათა აშშ-ის დახმარების მოცულობა ჩაანაცვლოს და მისი კომპენსაცია მოახდინოს უკრაინასთან მიმართებით. 2022 წლის თებერვალ-მარტიდან დაწყებული, აშშ-ის დახმარება შეადგენს 66,9 მილიარდ დოლარს სამხედრო შეიარაღების მხრივ, ხოლო 50 მილიარდ დოლარზე მეტი – პირდაპირ ფინანსურ დახმარებას. (…)

ევროპა, უეჭველია, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ როგორმე ნაწილობრივ მაინც ჩაანაცვლოს ამერიკული ტექნიკა, მაგალითად, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სფეროში.  დღეისათვის ვაშინგტონი უკრაინას აწვდის ამერიკული წარმოების უმრავლეს რაკეტულ სისტემებს, მათ შორის HIMARS-ებს და ATACMS-ებს, ჭურვებს შორსმსროლელი ჰაუბიცებისათვის და რაკეტებს – საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „Patriot-ისათვის. სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ ევროპა წარმატებით მუშაობს ტანკებისა და ქვემეხების წარმოების გადიდებისათვის.

რა თქმა უნდა, ევროპის ქვეყნებს აქვთ თავიანთი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები რუსული ფრთოსანი და განსაკუთრებით ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ, მაგრამ ისინი ნაკლებად ეფექტურები არიან. ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები Patriot-ები ნატოს ქვეყნებისათვის ერთადერთი დანადგარია, რომელსაც ეფექტურად შეუძლია უკრაინის დაცვა რუსული ბალისტიკური რაკეტებისაგან. ამჟამად ამერიკას „პეტრიოტის“ რეზერვები აღარ აქვს, ამიტომ ევროპელებს შეუძლიათ სხვა ქვეყნებისგან შეისყიდონ, ანუ ის „პეტრიოტები“, რომლებიც აშშ-მა სხვადასხვა დროს მიაწოდა თავის მოკავშირეებს. დონალდ ტრამპი ასეთ გარიგებებს არ ეწინააღმდეგება. Patriot-ები აქვთ, მაგალითად, ისრაელს და სამხრეთ კორეას. ბოლო ხანს ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა თავისი ერთ-ერთი „პეტრიოტი“ უკვე გადასცა უკრაინას.

არსებობს „ფარული ტუზიც“ – ეს არის უკრაინის მძლავრი თავდაცვითი სექტორი, რომელიც ინოვაციური და ტექნოლოგიური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მოწინავეა  ევროპაში. უკრაინის სამხედრო კომპლექსი აწარმოებს აუცილებელ თავდაცვით საშუალებებს (დაახლოებით 40%-მდე) ბევრად ნაკლები დანახარჯებით და ორჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ევროპელები. ყოველ მილიარდი დოლარი, რომელსაც ამერიკა თავის სამხედრო კომპანიებს უხდის უკრაინელებისათვის იარაღის დასამზადებლად, ევროპელებს უფრო იაფი დაუჯდებათ, თუ ისინი ამ იარაღს უკრაინაში დაამზადებენ. ფართოდ რეკლამირებული დრონების გარდა, უკრაინა ამზადებს უფრო ბევრ ჰაუბიცას და საარტილერიო სისტემებს, ვიდრე ევროპის ყველა ქვეყანა, ერთად აღებული. უკრაინელმა სპეციალისტებმა ზუსტად იციან, თუ რა იარაღი რამდენი სჭირდებათ და მუდმივად ახდენენ თავიანთი წარმოებული ტექნიკის ადაპტირებას საბრძოლო-საველე პირობებისადმი.

დანია პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც თავისი ფულით იარაღი დაუკვეთა უკრაინის თავდაცვით საწარმოებს უკრაინის არმიისათვის. როგორც ჩანს, დანიური მოდელი წარმატებული აღმოჩნდა. მიმდინარე წელს უკრაინის ხუთი მეგობარი – დანია, შვედეთი, კანადა, ნორვეგია და ისლანდია საერთო ოდენობით 1,3 მილიარდ ევროს გამოყოფენ კიევისათვის საარტილერიო სისტემების შესაძენად, დრონებისა და რაკეტების დასამზადებლად იმ სამხედრო ქარხნებისათვის, რომლებიც უკრაინაში მუშაობენ. ამ თანხიდან 830 მილიონი ევრო იქნება ის პროცენტი, რომელიც რუსეთის გაყინული აქტივების შედეგად არის მიღებული. მართალია, ეს ნაბიჯი დაგვიანებულიც კი არის, მაგრამ საკმაოდ ეფექტურია.

უკრაინელები დაქანცულნი არიან ომით და ნორმალური ცხოვრების დაბრუნება სურთ, იმავდროულად ისინი დაუჯერებელ გამომგონებლობას და სიმტკიცეს ავლენენ, რისთვისაც ევროპამ მათ მადლობა უნდა უთხრას. თუ აშშ მზად აღარ იქნება უკრაინას დაეხმაროს, მაშინ ეს ევროპამ უნდა გააკეთოს. და ევროპა ეხმარება კიდეც, ფართო სამომავლო მასშტაბით.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: