“უკრაინის ენდშპილი -როგორ შეიძლება ომის დასრულება 2025 წელს” -BBC

91
spot_img

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “უკრაინის ენდშპილი: როგორ შეიძლება ომის დასრულება 2025 წელს“ (ავტორი – პოლ ადამსი).

გთავაზობთ მცირე შემოკლებით:

ორიოდე თვის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომის მესამე წელი დასრულდება. დაღუპულებისა და დაჭრილების რაოდენობამ, მიახლოებითი შეფასებებით, ერთ მილიონს გადააჭარბა. ფრონტზე არსებულ სიტუაციას ისეთი პირი უჩანს, რომ უკრაინა ომს აგებს.

რუსეთის სამხედრო მანქანა ნელა, მაგრამ განუხრელად წინ მიდის – აღმოსავლეთ უკრაინის სტეპებში მდებარე სოფლებსა და ქალაქებს ზედიზედ იპყრობს.

ამასობაში კი შორეულ ვაშინგტონში, თეთრ სახლში შესასვლელად ემზადება დონალდ ტრამპი, რომლის ქცევა და გადაწყვეტილების მიღება უპროგნოზოა და რომლის მომავალ მოქმედებას წინასწარ ვერავინ გამოიცნობს. გარდა ამისა, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტს  თავისი უკრაინელი კოლეგის მიმართ მაინცდამაინც თბილი დამოკიდებულება არ აქვს.

შემობრუნებითი მომენტი, როგორც ჩანს, ახლოვდება. მაგრამ შეჩერდება თუ არა ომის ნამდვილად 2025 წელს? და თუ შეჩერდება, როგორი ენდშპილი ექნება საომარი მოქმედებების დასრულებას?

მოლაპარაკება – ილუზია თუ რეალობა?

დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ ომს 24 საათში დაამთავრებდა ინაუგურაციის შემდეგ. შესაძლოა იგი ტრადიციულად ტრაბახობდა, თუმცა ეს სიტყვები იმ კაცის ბაგეთაგან ისმის, რომელსაც აშკარად მობეზრდა ომში აშშ-ის მიერ გაწეული უზარმაზარი ხარჯები.

„საშინელებაა, რომ ომი უამრავ ახალგაზრდას სიცოცხლეს უსპობს. საშინელებაა, რაც რუსეთ-უკრაინის ფრონტზე ხდება“, – ამბობს დონალდ ტრამპი.

მაგრამ როგორც აშშ-ის კარნეგის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სამხედრო ანალიტიკოსი მაიკლ კოფმანი ამბობს, ომის დასრულების გზაზე აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ორმაგი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება.

“პირველი – დონალდ ტრამპს ომის მძიმე მემკვიდრეობის მიღება მოუწევს, რომელსაც ძალიან უარყოფითი ტრაექტორია ექნება. დონალდ ტრამპს დრო არ ეყოფა იმ ომისშემდგომი სტაბილიზაციისათვის. მეორე მომენტი – ამერიკის ახალ ადმინისტრაციას ძალიან გაუჭირდება წარმატების მკაფიო სტრატეგიის შემუშავება“, – ამბობს მაიკლ კოფმანი.

დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე მიანიშნა სხვადასხვა ინტერვიუებში, თუ რას გააკეთებს რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით: ჟურნალ „თაიმს“ (TIME) მან განუცხადა, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, უკრაინას ნება მიეცა რუსეთის ზურგის ტერიტორიაზე განლაგებული ობიექტები ამერიკული რაკეტებით დაბომბოს; „ჩვენ ამით ხელს შევუწყობთ ომის ესკალაციას და უარეს სიტუაციას მივიღებთ“, – თქვა არცეულმა პრეზიდენტმა ჟურნალის რედაქტორთან საუბრისას.

ტელეარხ  NBC-ისთვის  მიცემულ ინტერვიუში, როცა ჰკითხეს, მოემზადოს თუ არა უკრაინა ამერიკული დახმარების შემცირებისთვისო, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ დახმარების შემცირება სრულიად შესაძლებელია.

იმავ დროულად, არჩეული პრეზიდენტი ისეთ განცხადებებსაც აკეთებს, რომლებიც უკრაინის ბევრ მხარდამჭერს დამაიმედებლად შეიძლება მოეჩვენოს, რომ აშშ უკრაინას არ მიატოვებს: „ჩემი აზრით, უკრაინის მთლიანად მიტოვება არ შეიძლება. სხვაგვარად ჩვენ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ“, – აღნიშნა ამას წინათ თეთრი სახლის მომავალმა ბინადარმა. მოკლედ, დონალდ ტრამპის განზრახვასთან დაკავშირებით მკაფიო წარმოდგენები არ არის.

რაც შეეხება უკრაინის ხელმძღვანელობას, კიევი უარყოფს, რომ მასზე ტრამპი ზეწოლას ახორციელებს და რომ ინაუგურაციის შემდეგ აშშ-ის ზეწოლით ზელენსკი სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.  „ბევრს ლაპარაკობენ მოლაპარაკების დაწყებაზე, მაგრამ ეს ილუზიებია. მოლაპარაკების პროცესის დაწყება შეუძლებელია მანამ, სანამ რუსეთი ამ ომისათვის საკმაო ფასს არ გადაიხდის და არ დაისჯება“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი მიხეილ პოდოლიაკი.

“ზელენსკის გონივრული სტრატეგიული ნაბიჯი?”

უკრაინის პრეზიდენტს აშკარად სურს თავი ისეთ ადამიანად წარმოაჩინოს, რომელსაც დონალდ ტრამპთან ლაპარაკი შეუძლია. მან არჩევნების შემდეგ რესპუბლიკელ კანდიდატს გამარჯვება მიულოცა და დრო არ დაკარგა – თავისი წარმომადგენელი ტრამპის გუნდთან მოსალაპარაკებლად დაუყოვნებლივ გაგზავნა.

შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი თვითონ შეხვდა დონალდ ტრამპს – პარიზში. შეხვედრა განხორციელდა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის დახმარებით, რომელმაც ორივე ნოტრ-დამის ტაძრის გახსნაზე მიიწვია რესტავრაციის შემდეგ.

„ჩვენ მოწმენი ვართ ძალიან გონივრული სტრატეგიული ნაბიჯისა, რომელიც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადადგა“, – განაცხადა დეკემბერში უკრაინის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრმა დიმიტრო კულებამ, როცა აშშ-ის საგარეო ურთიერთობების საბჭოში მოხსენებით გამოდიოდა.

იმის ნიშნები, რომ კრემლიც მზად არის მსგავსი ჟესტების გასაკეთებლად, ჯერ არ ჩანს, ამიტომ კიევი აშკარად ცდილობს მოსკოვს ყველაფერში დაასწროს.

„დონალდ ტრამპი არ განმარტავს, თუ როგორ იმოქმედებს ომის შესაწყვეტად. უკრაინელები ცდილობენ არჩეულ პრეზიდენტს თავიანთი იდეები მიაწოდონ, რომლებიც მას შეუძლია „თავისად გაასაღოს“. უკრაინელებმა იციან, თუ როგორ იმუშავებს ტრამპის ბაგეთაგან წარმოთქმული კიევური იდეები“მ – ვარაუდობს ორისია ლუცევიჩი, ბრიტანული „ჩეთემ-ჰაუზის“ უკრაინული ფორუმის ხელმძღვანელი.

„გამარჯვების გეგმა“ და ენდშპილის ვარიანტები

დონალდ ტრამპი ცნობილია საქმოსან-ბიზნესმენის მენტალიტეტით და სურვილით, რაც შეიძლება ცოტა გადაიხადოს აშშ-მა ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ეს კარგად იცის ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ცდილობს მას უკრაინა შესთავაზოს, როგორც ამერიკისათვის პოტენციურ- პრიორიტეტული პარტნიორი.

თავის „გამარჯვების გეგმაში“, რომელიც მან ოქტომბერში გამოაქვეყნა, ვოლოდიმირ ზელენსკი ვარაუდობს, რომ რუსეთთან ომის დროს ბრძოლებში გამოწრთობილი უკრაინის არმია ევროპაში სამომავლოდ აშშ-ის ჯარებს შეცვლის. გარდა ამისა, უკრაინის ლიდერი დასავლელ მოკავშირეებს ქვეყნის სასარგებლო წიაღისეულის ერთობლივ მოპოვებას სთავაზობს, მათ შორის ურანის, გრაფიტისა და ლითიუმის ამოღებას. „ეს სტრატეგიული რესურსები ან რუსეთის გაძლიერებას მოხმარდება (თუ კრემლი უკრაინის ოკუპირებას მოახდენს), ან უკრაინისა და მთელი დემოკრატიული მსოფლიოს გაძლიერებას (თუ უკრაინა ომში გაიმარჯვებს)“ – აცხადებს ზელენსკი.

„გამარჯვების გეგმის“ სხვა პუნქტები – უკრაინის მიღება ნატოში და მის ტერიტორიაზე არაბირთვული სტრატეგიული შემკავებელი ძალების განლაგება – მოკავშირეებმა ცივად მიიღეს.

ყველაზე მეტი უთანხმოებაა უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღების საკითხში. კიევისათვის ნატოში გაწევრიანება ნიშნავს უსაფრთხოების ერთადერთ სრულ გარანტიას, რომლითაც იგი გადარჩება და რუსეთის „ლუკმა არ გახდება“. მაგრამ თვითონ ალიანსი, რომელიც, მართალია, დეკლარირებს, რომ „უკრაინის ნატოში ინტეგრაცია გარდაუვალია და მას უკუქცევითი ხასიათი არ აქვსო“, იმავდროულად ყოყმანობს და ერთიანი აზრი არ აქვს: აშშ და გერმანია (სხვებიც) შეთავაზებისაგან თავს იკავებენ.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თუ ნატო უკრაინას წევრად 1991 წლის საზღვრებით მიიღებს, იგი ვალდებულებას აიღებს, რომ ნატოს წევრობა მხოლოდ კიევის კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიაზე გავრცელდება. „ეს საშუალებას მოგვცემს ომი დავასრულოთ და მოლაპარაკება დავიწყოთ, თან უკრაინის საზღვრების საკითხიც განვიხილოთ, თუ სად უნდა გადიოდეს გამმიჯნავი ხაზი“, – თქვა მან ნოემბერში ბრიტანული „სქაი ნიუსისათვის“ მიცემულ ინტერვიუში.

უკრაინის მყიფე მდგომარეობა

თუ არა ნატო, მაშ რა? დონალდ ტრამპის ინიციატივით სამშვიდობო მოლაპარაკების პერსპექტივა სულ უფრო მკაფიო ხდება, უკრაინა ფრონტზე უკან იხევს. ახლა მთავარია იმის განსაზღვრა, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი.

„ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ომის სამართლიანად დასრულება, რომ რუსეთმა ვეღარ გაბედოს ახალი თავდასხმა“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი 12 დეკემბრის ტელეინტერვიუში.

როგორც კომენტატორები აღნიშნავენ, რუსეთის განმეორებული თავდასხმა რომ არ მოხდეს, აუცილებელია კონკრეტული მექანიზმები, ნატოს წესდების მე-5 პუნქტის მსგავსი. „ვოლოდიმირ ზელენსკი არ უნდა დათანხმდეს მხოლოდ ცეცხლის უბრალო შეწყვეტაზე, რაც თვითმკვლელობა იქნებოდა. აუცილებელია „ომის შეწყვეტა პლუსებით“, ანუ მთავარია, რით იქნება უკრაინა დაცული“, – ამბობს ორისია ლუცევიჩი.

ექსპერტები ევროპულ ფორუმებზე მსჯელობენ იმაზე, თუ როგორი ფორმით შეიძლება განხორციელდეს უკრაინის უსაფრთხოების დაცვა.

ვარიანტებს შორისაა ევროკავშირის სამშვიდობო ძალების განლაგება (ემანუელ მაკრონის ინიციატივით) ან საექსპედიციო კონტინგენტის შეყვანა ჩრდ. ევროპის ქვეყნების, ბალტიისპირეთისა და ნიდერლანდების მონაწილეობით, რომლებსაც დიდი ბრიტანეთი უხელმძღვანელებს.

მაიკლ კოფმანი თვლის, რომ ასეთი გარანტიები არასაკმარისი იქნება – მათგან ერთ-ერთი აშშ უნდა იყოს. მას ეთანხმება მიხეილ პოდოლიაკი. მისი თქმით, „რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ როგორც აგრესიას გაიმეორებს, კრემლი მნიშვნელოვან დარტყმებს მიიღებს“.

დიდი ბრიტანეთი, ჯო ბაიდენი და დასავლეთის როლი

სანამ უკრაინის მომავალზე შეთანხმება არ არის, მისი მოკავშირეები რაც შეუძლიათ, ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის თავდაცვის გასამტკიცებლად.

ჯო ბაიდენი, სანამ საბოლოოდ წავიდოდეს თეთრი სახლიდან, ცდილობს უკრაინას მისცეს ის, რის მიცემაც შეუძლია და რაც კონგრესის მიერ არის გამოყოფილი – ფული, იარაღი, ჰუმანიტარული დახმარება. თუმცა ამბობენ, რომ მან შეიძლება ყველაფრის მიცემა ვერ მოასწროს.

უკრაინის მოკავშირეებს, აგრძელებენ რა კიევის დახმარებას, იმედი აქვთ, რომ რუსეთი საბოლოოდ ომის სიმძიმეს ვერ გაუძლებს და მისი სამხედრო რელსებზე გადაყვანილი ეკონომიკა საბოლოოდ დაინგრევა. თუმცა ჯერ-ჯერობით ის დანგრევას არ აპირებს.

ამასთან, ბოლო დროს რუსულ ეკონომიკაში პრობლემები მომრავლდა. გაუძლებს თუ არა რუსეთის სანქციებს, ინფლაციას და მაღალ საკრედიტო განაკვეთებს?

ვლადიმერ პუტინი ირწმუნება, რომ რუსეთის ეკონომიკაში საქმე კარგად მიდის. გასული წლის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე მან თქვა, რომ დასავლური სანქციები გარკვეულ ნეგატიურ გავლენას ახდენს, მაგრამ არა გადამწყვეტს.

თუმცა როგორც ექსპერტები ამბობენ, რუსეთს დიდი დანაკარგები აქვს ფრონტზე: საშუალოდ, ყოველდღიურად ბრძოლებში 1,5 ათასი რუსი სამხედრო იღუპება და სახიჩრდება.

მთლიანობაში ომის სიმძიმემ შეიძლება ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაზე აიძულოს… მაგრამ საკითხავი ისაა, თუ რამდენ ტერიტორიას და რამდენ მებრძოლს დაკარგავს უკრაინა, სანამ კრემლი მოლაპარაკების დაწყების სურვილს გამოამჟღავნებს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: