
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დელეგაცია სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის ხელმძღვანელობით გაემგზავრება, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაურმა შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბის, უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობასთან და ასევე ორშაბათს სტამბოლში დაგეგმილ შეხვედრამდე პოზიციები განსაზღვრა.
„პირველი, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა. მეორე, ტყვეების გათავისუფლება. მესამე, გატაცებული ბავშვების დაბრუნება. საიმედო და მდგრადი მშვიდობის დამყარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, მზადება უმაღლესი დონის შეხვედრისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.