უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნატოს სტანდარტებზე გადასვლის მხრივ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. ამის შესახებ აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) იუწყება. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
ინსტიტუტის ინფორმაციით, რომელსაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემები მოჰყავს, 2023 წელს უკრაინამ ნატოს 18 სტანდარტი დაამკვიდრა. ეს ეხება პირადი შემადგენლობის უსაფრთხოებას, საზღვაო ძალების მომზადებას, ასევე საკომუნიკაციო და სატრანსპორტო სისტემებს. ამ სტანდარტების დამკვიდრებაში და საკუთარი თავდაცვითი სამრეწველო ბაზის შექმნაში უკრაინას პარტნიორები ეხმარებიან.
რამდენიმე დღის წინ გერმანული კომპანიის, Rheinmetall-ის გენერალურმა დირექტორმა არმინ პაპერგერმა განაცხადა, რომ კომპანია აშენებს ჭურვების საწარმოს, სადაც უკრაინისთვის აუცილებელი საბრძოლო მასალების წარმოება მოხდება.
პაპერგერმა ასევე განაცხადა, რომ 2023 წელს Rheinmetall-მა გერმანიის ფედერალური მთავრობიდან უკრაინისა და გერმანიის შეიარაღებული ძალებისთვის შეიარაღების შესაძენად 10 მლრდ. ევროს შეკვეთა მიიღო და 2024 წელს ეს თანხა 15 მლრდ. ევრომდე გაიზრდება.