,,უკრაინის 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნება არარეალური მიზანია”- აშშ-ის თავდაცვის მდივანი

3
spot_img

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ უკრაინის 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნება არარეალური მიზანია. ინფორმაციას ამის შესახებ Fox News-ი ავრცელებს.

მისი თქმით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აქტიურად მუშაობს ომის დასრულების მიმართულებით.

ჰეგსეტმა ასევე აღნიშნა, რომ სტრატეგიული რეალობა აშშ-ს არ აძლევს საშუალებას, პირველ რიგში, ევროპის უსაფრთხოებაზე იყოს ორიენტირებული, რადგან აშშ ორიენტირებულია საკუთარი საზღვრების დაცვაზე და წყნარ ოკეანეში ჩინეთთან ომის შეკავებაზე.

„პრეზიდენტი ტრამპი მკაფიო იყო ამერიკელ ხალხთან და ბევრ ლიდერთან, რომ [უკრაინაში] ბრძოლის შეწყვეტა და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა მთავარი პრიორიტეტია“, – განაცხადა ჰეგსეტმა.

„ის [ტრამპი] აპირებს ამ ომის დასრულებას დიპლომატიური გზით და რუსეთისა და უკრაინის [მოლაპარაკებების] მაგიდასთან დასმას. ჩვენ გვინდა სუვერენული და აყვავებული უკრაინა, მაგრამ ჩვენ უნდა დავიწყოთ იმის აღიარებით, რომ უკრაინის 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნება არარეალური მიზანია. ამ ილუზიური მიზნის დევნა მხოლოდ ომს გაახანგრძლივებს და მეტ ტანჯვას გამოიწვევს“, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

„უკრაინის მდგრადი მშვიდობა უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების მყარ გარანტიებს, რათა ომი აღარ დაიწყოს. აშშ არ მიიჩნევს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება მოლაპარაკების გზით დარეგულირების რეალისტური შედეგია. სამაგიეროდ, უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტია მხარდაჭერილი უნდა იყოს ევროპული და არაევროპული ძალებით. თუ ეს ჯარები განლაგდებიან უკრაინაში მშვიდობისმყოფელების სახით, ისინი უნდა განლაგდნენ როგორც არა ნატოს მისიის ნაწილი და მათზე არ უნდა გავრცელდეს ნატოს მე-5 მუხლი. ასევე უნდა არსებობდეს ძლიერი საერთაშორისო ზედამხედველობა საკონტაქტო ხაზზე. გასაგებად რომ ვთქვათ, უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, უკრაინაში აშშ-ის ჯარები არ იქნება განლაგებული“, – დასძინა მან.