უკრაინელებმა რუსების მიერ კიევის წინააღმდეგ გაშვებული 35-ვე დრონი გაანადგურეს – ომის 439-ე დღე

92
spot_img

ომის 439-ე დღეს, უკრაინა დონბასში ოკუპანტთა იერიშებს კვლავაც იგერიებს. ყველაზე ცხელ წერტილად, კვლავ ბახმუტი რჩება, სადაც მძიმე ბრძოლები გრძელდება.

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ალექსანდრ სირსკის თქმით, რუსეთი ძალებს არ ზოგავს იმისთვის, რომ ქალაქზე სრული კონტროლი 9 მაისამდე დაამყაროს, უკრაინა კი ცდილობს, ოკუპანტებს ამის საშუალება არ მისცეს. პარალელურად, საოკუპაციო ძალები უკრაინის ქალაქებს ბომბავენ.

სარაკეტო დარტყმები დნიპროს, ხერსონის, ხარკოვისა და სუმის დასახლებულ რაიონებზე ხორციელდება. კიევში დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

უკრაინელებმა, რუსული ძალების მიერ წუხელ გაშვებული 35-ვე დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ღამით მტერმა კვლავ შეუტია უკრაინის ტერიტორიას ირანული უპილოტო საფრენი აპარატების, Shahed 136/131-ის გამოყენებით. ჩვენმა დამცველებმა 35 დრონიდან 35 გაანადგურეს“, – აცხადებენ საჰაერო ძალებში.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დედაქალაქში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა და ავტომობილები და შენობები დაზიანდა.

გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, წუხელ, რუსებმა ოდესის ოლქს Tu-22m3 ტიპის ბომბდამშენებიდან დაარტყეს. რაკეტები თარხანკუტის ტერიტორიიდან (ოკუპირებული ყირიმი) გაუშვეს. მათმა ნაწილმა სამიზნეს ვერ მიაღწია.