უკრაინელებმა ოკუპანტების 23 ფრთოსანი რაკეტიდან 21 გაანადგურეს – ომის 429-ე დღე

71
spot_img

ომის 429-ე დღეს, რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო საჰაერო თავდასხმის დროს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა Х-101 და Х-101 ტიპის 23 ფრთოსანი რაკეტიდან 21 გაანადგურეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი Telegram-ზე წერს.

მისი ინფორმაციით, განადგურებულია ორი დრონიც.

„დაახლოებით დილის 04:00 საათზე რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ უკრაინას „ტუ-95“ ტიპის სტრატეგიული თვითმფრინავიდან. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტების საჰაერო თავდაცვასთან თანამშრომლობით, Х-101 და Х-101 ტიპის 23 ფრთოსანი რაკეტიდან 21 გაანადგურეს, განადგურებულია, ასევე, ორი ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი“, – განაცხადა ზალუჟნიმ.

შეგახსენებთ, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. რუსული ძალების მიერ ქალაქ დნეპრის დაბომბვისას ახალგაზრდა ქალი და 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა. ჩერკასის ოლქის ქალაქ უმანში კი რუსული რაკეტა 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცნობილი გახდა, რომ რუსული ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევთან ახლოს 11 ფრთოსანი რაკეტა და 2 დრონი ჩამოაგდეს.

რუსული ძალები კი, ჩერკასის ოლქის ქალაქ უმანს ფრთოსანი რაკეტებით დაესხნენ თავს, რის შედეგადაც, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ხუთი ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ჩერკასის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, იგორ ტაბურეცზე დაყრდნობით ავრცელებს.

“დღეს დილით დამპყრობლები თავს დაესხნენ ჩერკასის ოლქს. უმანში ფრთოსანი რაკეტებით ორი დარტყმა განხორციელდა : საცხოვრებელ კორპუსზე და სასაწყობო შენობებზე. შედეგებს ვიკვლევთ. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს”, – განაცხადა იგორ ტაბურეცმა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რაკეტა ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.

ამასთან, ქალაქ დნეპრის მერის, ბორის ფილატოვის განცხადებით, წუხელ, რუსული ძალების მიერ ქალაქის დაბომბვის შედეგად ახალგაზრდა ქალი და 3 წლის ბავშვი დაიღუპნენ.