უკრაინაზე რუსეთის მასირებული სარაკეტო იერიშის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, დაშავებულია სულ მცირე 130 ადამიანი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთმა ხარკოვზე სამი დარტყმა განახორციელა, დაშავებულია ცხრა ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბავშვი.
„200-ზე მეტი ადგილი დაზარალდა, მათ შორის 139 საცხოვრებელი, ბევრი დაიღუპა ჩვეულებრივ მაღალსართულიან კორპუსში. იქ ჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობდა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ხარკოვის გუბერნატორმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ თავდასხმებმა ქალაქში 100-ზე მეტი მაღალსართულიანი კორპუსი და გაზსადენი დააზიანა, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა ტიპის 44 რაკეტიდან 22 გაანადგურეს. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, კიევის თავზე 20-მდე დრონი ჩამოაგდეს.