უკრაინასთან ცუდად დავიწყეთ თამაში და ესეც გახდა წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი – იმედია, ალბანეთთან შეხვედრაში მდგომარეობა გამოსწორდება, – ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ტაქტიკური ცვლილებები ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი არ არის – მთავარია, ალბანეთთან მატჩი უკეთ დაიწყოს და დავალებები შესრულდეს.
“უკრაინასთან ცუდად დავიწყეთ თამაში და ესეც გახდა წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი. იმედია, ალბანეთთან შეხვედრაში მდგომარეობა გამოსწორდება.
რაც შეეხება საბა ლობჟანიძეს, მისი არგამოძახების მიზეზი არა მხოლოდ დამღლელი მზავრობაა, არამედ ის, რომ ჩემს სისტემასთან მორგება უჭირს.
უკრაინასთან მარცხენა ფლანგზე გარკვეული პრობლემები გვქონდა, ასე იყო ჩეხეთთან შეხვედრის გარკვეულ პერიოდშიც. მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ ლოჩოშვილის ბრალი არ არის, ის შეტევებში კარგად ერთვებოდა. კიტეიშვილი კი ჯანმრთელადაა და ალბანეთთან მატჩისთვის მზადაა.
ვის დავაყენებ ქოჩორაშვილის ნაცვლად და ხომ არ შევცვლი ტაქტიკას? ეს უკვე გადაწყვეტილი მაქვს, მაგრამ ამას ხვალ ნახავთ. უკრაინასთან მატჩში მოგებაც შეგვეძლო და ტაქტიკური ცვლილებები ამ ეტაპზე ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. მთავარია, ალბანეთთან უკეთ დავიწყოთ მატჩი და დავალებები შევასრულოთ.
ჩვენ იგივე გუნდი ვართ, რომელმაც ევრო 2024-ზე წარმატებას მიაღწია. აუცილებელია, ჩვენი ღირებულებები, დისციპლინა შევინარჩუნოთ და წინსვლა გავაგრძელოთ”, – თქვა ვილი სანიოლმა.
ცნობისთვის, ხვალ, 14 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს „მიხეილ მესხი არენაზე“ 20:00 საათზე დაუპირისპირდება.
ამავდროულად, გულშემატკივრებისთვის პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც საქართველო-ალბანეთის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება.