
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საპრეზიდენტო კამპანიის დროს გაკეთებული განცხადება, რომ უკრაინაში ომს 24 საათში დაასრულებდა, ცოტათი სარკასტული იყო.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა შერილ ატიქსონთან ინტერვიუში განაცხადა.
„მე ცოტათი სარკასტული ვიყავი, როცა ეს ვთქვი. რასაც ნამდვილად ვგულისხმობ, არის ის, რომ მინდა, მოვაგვარო ეს საკითხი. და მე ვფიქრობ, რომ წარმატებას მივაღწევ. ეს არის ძალიან რთული სიტუაცია. ეს არის სისხლიანი, საშინელი ომი. როგორც იცით, გვაქვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უკრაინულ ჯგუფთან და ვცდილობთ იმავეს მიღწევას რუსეთთანაც. ვფიქრობ, რომ აქამდე ყველაფერი კარგად წავიდა“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას, რომელმაც ამერიკის პრეზიდენტს შეახსენა საპრეზიდენტო კამპანიის დროს დაპირება, რომ რუსეთ-უკრაინის ომს 24 საათში დაასრულებდა.
კითხვაზე, რა გეგმა აქვს ამერიკის პრეზიდენტს, თუ ცეცხლის შეწყვეტას მისი რუსი კოლეგა არ დათანხმდება, ტრამპმა უპასხუა, რომ პუტინი ამას დათანხმდება.
„ეს ცუდი ამბავი იქნება ამ მსოფლიოსთვის, რადგან ამდენი ადამიანი კვდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის დათანხმდება. მართლა ასე ვფიქრობ. ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგად ვიცნობ მას და მგონია, რომ ის დათანხმდება“, – აღნიშნა ტრამპმა.