
უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების განთავსება შესანიშნავი იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კითხვაზე, რას ფიქრობს ევროპული ქვეყნების მიერ სამშვიდობო მისიის ფარგლებში უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „თუ მათ ამის გაკეთება სურთ, ეს შესანიშნავი იქნება“.
„მე ამას მხარს ვუჭერ. თუ მათ ამის გაკეთება სურთ, ვფიქრობ, რომ ეს კარგი იქნება. ვიცი, რომ ეს საფრანგეთმა ახსენა, სხვებმაც, დიდმა ბრიტანეთმაც ახსენა. ჩვენ იქ ჯარებს არ განვათავსებთ, რადგან ძალიან შორს ვართ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, კითხვაზე, გეგმავს თუ არა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ევროპიდან ამერიკული ჯარების გაყვანას, ტრამპმა უპასუხა, რომ „ამის შესახებ თხოვნა არ ყოფილა“.
„არ მიმაჩნია, რომ ამის გაკეთება მოგვიწევს. არ მსურს ამის გაკეთება. ასევე, ეს საკითხი არასდროს წამოჭრილა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.