ბრიტანული „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინას წინ ყველაზე შავბნელი საათები ელოდება“ (ავტორები – ბენ ჰოლი, ქრისტოფერ მილერი და ჰენრი ფოი), რომელშიც განხილულია რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების ალბათობა და მოვლენების სავარაუდო განვითარება, ფრონტზე შექმნილი მძიმე ვითარების ფონზე. რას ფიქრობს ხელისუფლება და ხალხი? რამდენად შეიძლება კიევი მოსკოვთან გარიგებაზე წავიდეს? რა გარანტიები ექნება უკრაინას? – ასეთია კითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემას ავტორები ცდილობენ.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„უკრაინაში სულ უფრო ხშირად საუბრობენ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაზე. თითქმის გარდაუვალი ხდება, რომ კიევი გარკვეულ კომპრომისზე უნდა წავიდეს – დათანხმდეს ტერიტორიულ დათმობაზე, მაგრამ უსაფრთხოების გარანტიით“, – ნათქვამია სტატიაში, რომელიც იწყება პოკროვსკთან ახლოს ფრონტის ხაზის მდგომარეობის აღწერით, სადაც საბრძოლო პოზიცია ცალკეულ საპრეზიდენტო ბრიგადას აქვს დაკავებული.
„ჯარისკაცები ნეგატიურად აფასებენ აშშ-ის გაუბედაობას, რომელსაც ვერა და ვერ გადაუწყვეტია უკრაინისათვის რუსეთის ტერიტორიის ამერიკული რაკეტებით დაბომბვის საკითხი. უკრაინა ხელფეხშეკრული იბრძვის. „მე ახლა ჩემი ხალხის გადარჩენაზე სულ უფრო ხშირად ვფიქრობ, – ამბობს ერთ-ერთი ოფიცერი, – ძნელი წარმოსადგენია, რომ მტერს ჩვენ ახლა 1991 წლის საზღვრებამდე უკუვაგდებთ… ომი უდიდეს ზიანს გვაყენებს“.
საინტერესოა, რომ თუ ადრე ფრონტზე ამ საკითხის ირგვლივ იშვიათად თუ ვინმე საუბრობდა, ახლა სულ უფრო ხშირად ისმის ლაპარაკი გარკვეულ კომპრომისზე თვით სამხედრო მოსამსახურეებს შორის.
უკრაინას, ომის დაწყებიდან, ყველაზე შავბნელი დრო ელოდება. კიევს ბრძოლის ველზე ცუდი მდგომარეობა აქვს, რუსები ნელა, დიდი მსხვერპლის ფასად, მაგრამ შეუჩერებლად წინ მიიწევენ, ზედიზედ იკავებენ დასახლებულ პუნქტებს, ქალაქი უგლედარი კი თითქმის ალყაში ჰყავთ მოქცეული. მძიმე მდგომარეობაა თვით ქალაქ პოსკროვსკთანაც – უკრაინის არმიის ერთ-ერთ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პუნქტთან.
ამ დროს კი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე დასავლელი პარტნიორები სულ უფრო მეტ ზეწოლას ახდენენ, რათა კიევმა დიპლომატიური დარეგულირების გზები მონახოს და რაც შეიძლება სწრაფად, თუნდაც ისეთი სიტუაციის პირობებში, როცა უკრაინის პოზიციები ძალიან სუსტია. „დასავლეთი პირდაპირ გვიცხადებს, რომ ომის დეესკალაცია აუცილებელია“, – ამბობს ერთ-ერთი კიეველი მაღალჩინოსანი ანონიმურად.
კიევისათვის მთავარ საფრთხეს ახლა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები წარმოადგენს. იმის პერსპექტივა, რომ ამერიკას ერთი თვის შემდეგ პრეზიდენტად შეიძლება დონალდ ტრამპი ჰყავდეს, რომელიც, თავის მხრივ, შეეცდება უკრაინას თავს მოახვიოს არამომგებიანი და საზიანო სამშვიდობო ხელშეკრულება, უკრაინელებს ბოლო იმედებს უფანტავს. რასაკვირველია, კიევის ყველაზე ერთგული ევროპელი მოკავშირეებისთვის კარგი იქნებოდა, რომ უკრაინამ ბრძოლა გააგრძელოს, მაგრამ რით? ევროპას არც სამყოფი იარაღის მარაგი აქვს და არც გეგმა საომარი მოქმედებების დასასრულებლად.
გასულ კვირას ვოლოდიმირ ზელენსკი, გაეროს გენასამბლეის სესიის ჩარჩოებში, აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდა. მან თან წაიღო ე.წ. „რუსეთთან ომში გამარჯვების გეგმა“, რომელიც ჯო ბაიდენს და კამალა ჰარისს აჩვენა. გეგმის დეტალები ჯერ საჯაროდ არ არის ცნობილი, მაგრამ მისი მთავარი კომპონენტი – ამერიკული რაკეტების გამოყენების ნებართვა რუსეთის წინააღმდეგ – ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენისაგან ვერ მიიღო. კიდევ ერთი წარუმატებლობა – პრეზიდენტს მიანიშნეს, რომ ნატოში გაწევრიანებაზე ფიქრი ჯერჯერობით ნაადრევია. იყო მომენტი, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი თითქმის უშედეგოდ უნდა დამთავრებულიყო, რომ მას „მაშველად“ დონალდ ტრამპი მოევლინა – ექს-პრეზიდენტი მოულოდნელად დათანხმდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას. არადა, სწორედ იმ დღეებში დონალდ ტრამპი არ ერიდებოდა ვოლოდიმირ ზელენსკის მწვავე კრიტიკას, მის დამცინავად მოხსენიებას და უსიამოვნო ეპითეტებით შემკობას.
ასე იყო თუ ისე, ზელენსკის ვიზიტი ჩაფუშვისაგან როგორღაც გადარჩა. „რასაკვირველია, ვიზიტს ძველებურად ტრიუმფალურს ვეღარ ვუწოდებთ, მაგრამ არც კატასტროფული არ არის“, – განაცხადა ერთ-ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.
ამერიკელი ექსპერტებისა და ევროპელი დიპლომატების თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი გადაჭარბებულად აფასებს თავის „გამარჯვების გეგმას“ და მას ერთადერთ პანაცეად მიიჩნევს. რაც არასწორი პოზიციაა. ამასთან ისინი იმასაც აღნიშნავენ, რომ დელეგაციის წევრები ინკოგნიტო საუბრებში სულ უფრო თავისუფლად ლაპარაკობენ ცეცხლის შეწყვეტაზე – იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთის ჯარს უკრაინის ტერიტორია ექნება დაკავებული.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავის წინამორბედ დიმიტრი კულებასაგან განსხვავებით, უფრო პრაგმატულ პოზიციებზე დგას და ემოციების გარეშე განიხილავს პრინციპს „მიწა უსაფრთხოების სანაცვლოდ“. „ჩვენ ახლა, ადრინდელთან შედარებით, უფრო ღიად ვსაუბრობთ იმაზე, თუ რის შეწირვა, რა მსხვერპლის გაღება მოუწევს უკრაინას სამშვიდობო შეთანხმების დასადებად. ადრე ამ საკითხზე მსჯელობას ტაბუ ჰქონდა დადებული“, – ამბობს შეხვედრების მონაწილე ერთ-ერთი დიპლომატი (რედაქციის შენიშვნა: უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ „ფაინენშელ თაიმსის“ სტატიაში გატარებული აზრი სინამდვილეს არ შეესაბამება – უკრაინის ხელისუფლება არავითარ ტერიტორიულ დათმობაზე არ დათანხმდება).
უკრაინის საზოგადოებაც ნელ-ნელა ეჩვევა იმ აზრს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკება რუსეთთან აუცილებელია. კიევის სოციოლოგიის ინსტიტუტის ეგიდით ჩატარებული გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპოდენტთა 57% დარწმუნებულია, რომ სამშვიდობო შეხვედრა უნდა გაიმართოს. წინა წელს ასეთი აზრის მქონე მოქალაქეების რაოდენობა მხოლოდ 33% იყო. გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ომმა უკრაინას დიდი დემოგრაფიული ზიანი მიაყენა: მოსახლეობის თითქმის 77%-ს დაეღუპა ოჯახის წევრები და ახლობლები – ოთხჯერ მეტი, ვიდრე ორი წლის წინ. გამოკითხულთა ორმა მესამედმა აღნიშნა, რომ დიდი ვაი-ვაგლახით ირჩენს თავს და ზოგჯერ შიმშილობს კიდეც.
ზოგიერთი გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელების დიდი ნაწილი ტერიტორიის დათმობის წინააღმდეგია – უმეტესად ნაციონალისტურად განწყობილი მოქალაქეები. ისინი ომის გამარჯვებამდე გაგრძელებას მოითხოვენ. „რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებაზე თანხმობამ შეიძლება სოციალური არასტაბილურობა გამოიწვიოს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს მშვენივრად იცის“, – განმარტავს ერთ-ერთი უკრაინელი მაღალჩინოსანი, – ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ მოლაპარაკებას სამშობლოს ღალატად ჩათვლიან და კაპიტულაციად. მემარჯვენეებს და რადიკალებს უკრაინაში მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ“.
არადა, სამომავლოდ ცხოვრების პირობები, დიდი ალბათობით, უფრო უარესი და მძიმე გახდება. რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკული სიმძლავრეების თითქმის ნახევარი გაანადგურა – თბო- და ჰიდროელექტროსადგურები ისეა დანგრეული, რომ მათი რემონტი არ ხერხდება. ზამთრის თვეებში უკრაინას თითქმის 6 გიგავატიანი ელექტროდეფიციტი ექნება.
რა გარანტიები შეიძლება მისცეს დასავლეთმა უკრაინას, თუ კიევი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება და კომპრომისზე დათანხმდება? ერთადერთი – მისი უსაფრთხოების დაცვა ნატოში წევრად მიღების გზით. „უკრაინა დათანხმდება რუსეთს ტერიტორიის ნაწილი გადასცეს, მაგრამ მხოლოდ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრად მიღების შემთხვევაში. ამას ხმამაღლა ჯერ არავინ არ ამბობს, მაგრამ ეს არის ერთადერთი სტრატეგია“, – ამბობს დასავლელი დიპლომატი.
მაგრამ დათანხმდება რუსეთი უკრაინის ნატოში მიღებას, რომლის გამოც კრემლმა ომი დაიწყო? ატლანტიკის ორივე ნაპირზე თვლიან, რომ მოსკოვის თანხმობა ნაკლებსავარაუდოა. „არ ვფიქრობ, რომ კრემლი უკრაინის ნატოში მიღებას შეურიგდება“, – ასეთი პოზიცია აქვს უკრაინელ მაღალჩინოსანს.