„უკრაინის მოსახლეობას აღარ აქვს იმის ძალა და შესაძლებლობა, რომ დაუსრულებელი ომის პირობებში იცხოვროს, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი პრეს-მდივანი იულია მენდელი ამერიკულ ჟურნალ „თაიმში“ (Time) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „უკრაინას მშვიდობა დაუყოვნებლივ ჭირდება“.
როგორც ავტორი აღნიშნავს, „იმ პირობებში, როცა უკრაინის არმია უკანდახევას აგრძელებს, კიევისათვის ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილება იქნება სასწრაფო დაზავება მოწინააღმდეგესთან“.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპი იქნა არჩეული, რუსეთ-უკრაინის ომის სწრაფი დარეგულირების აუცილებლობა უკრაინული საზოგადოებისათვის ერთ-ერთ ყველაზე გადაუდებელ საკითხად გადაიქცა – ისეთ საკითხად, რომელიც უმწვავეს დებატებს და სერიოზულ უთანხმოებას იწვევს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაბეჯითებით აცხადებს, რომ ასეთი გარიგების დადება ძალიან ძნელი იქნება – იგი ხაზს უსვამს, რომ სამართლიანი მშვიდობის დამყარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სწრაფი მშვიდობის მიღწევა. რა თქმა უნდა, სამართლიანობაზე უარს ვერ ვიტყვით, მაგრამ ამის მიუხედავად, უკრაინულ საზოგადოებაში სხვა გამომაფხიზლებელი ჭეშმარიტებაც ჩანს: ომმა ადამიანები საფუძვლიანად დააუძლურა და მოსახლეობას ჯან-ღონე გამოულია.
სოციოლოგიური გამოკითხვებით ირკვევა, რომ უკრაინელების 38% მზად არის დათანხმდეს ტერიტორიულ დათმობებს მშვიდობის დამყარების სანაცვლოდ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს რაოდენობა სინამდვილეს არ ასახავს, რეალურად დაზავება უფრო მეტს სურს. ამას წინათ კიევის ერთ-ერთ კლინიკაში ვიყავი და ნაცნობმა ექიმმა თითქმის ტირილით მითხრა – ჩემი კოლეგები ყველა სამსახურიდან მიდის და მეც წასვლას ვაპირებ უპერსპექტივობის გამოო. ლვოვში, დასავლეთ უკრაინაში, რომელიც ფრონტიდან შორს მდებარეობს, ყველა მეკითხებოდა – საომარი მოქმედებების დასრულებას მოუთმენლად ველოდებით. ჩემმა ჩერნიგოველმა ნაცნობმა ყველაფერი მიატოვა – სახლ-კარი, აგარაკი, უდენობა, სიცივე, უხელფასობა და ესპანეთში წავიდა, ცხოვრება „სუფთა ფურცლიდან“ დაიწყო. უკრაინელების მიერ გამოვლენილი იშვიათი ამტანობისა და გამძლეობის მიუხედავად, აუცილებელია გავაცნობიეროთ ერთი ჭეშმარიტება: ჩვენ ვეომებით ისეთ სახელმწიფოს, რომლის დაძლევა მხოლოდ სამხედრო ძლიერებით შეუძლებელია. დიახ, ჩვენი დასავლელი მოკავშირეები გვეხმარებიან, მაგრამ მათი დახმარება ჩვენი ისეთი მომავლის გარანტია არ არის, როგორსაც ვესწრაფვით. რა თქმა უნდა, შეიარაღებულ ადამიანს გამარჯვების იმედი აქვს, მაგრამ ჩვენ ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ გამარჯვება მიუღწეველია. დროა, ჩვენ საკუთარ თავს ვკითხოთ: კიდევ რა ფასის გადახდა მოგვიწევს ბრძოლის გასაგრძელებლად.
უკრაინის ხელისუფლება ითხოვს თავისი ტერიტორიების დაუყოვნებლივ დაბრუნებას და ჯიუტად ეჭიდება ნატოს პერსპექტიულ წევრობას, რომელიც სულ უფრო მიუღწეველი ხდება. არადა, დრო მიდის, ქვეყანა მოსახლეობას კარგავს. საზღვარგარეთ, როგორც მინიმუმი, 7,5 მილიონზე მეტი ადამიანია გაქცეული საომარი მოქმედებების გამო, თანაც მხოლოდ გასულ 2024 წელს უცხოეთში წავიდა 440 ათასი მოქალაქე. ეს რაოდენობა 3,3-ჯერ აჭარბებს 2023 წლის მონაცემებს. (…)
რუსეთის არმია აგრძელებს ნელ, მაგრამ პერმანენტულ ულმობელ შეტევას დონბასში და ფრონტის ხაზის რიგ ადგილებში უკვე დნეპროპეტროვსკის ოლქს მიადგა. სანამ ჩვენ დაუსრულებელ დებატებს ვეწევით ომში სამართლიანობის დაცვისა და ზავის სწრაფად დადების შესაძლებლობებზე, რუსები სულ უფრო მეტ ჩვენს მიწა-წყალს იკავებენ და სულ უფრო მეტი თანამემამულეები გვეღუპება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგების ციფრები ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდებიან; პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მტკიცებით, მხოლოდ 40 ათასი მებრძოლი დაიღუპაო, ამერიკული „უოლ სთრით ჯორნელი“ კი აცხადებს, რომ დაღუპულია მინიმუმ 80 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი. გარდა ამისა, ყოველდღიურად იხოცება მშვიდობიანი მოსახლეობა.
გაეროს შეფასებით, უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე რუსების დაბომბვების შედეგად 12 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. დაჭრილ-დასახიჩრებულების რაოდენობა ასეულობით ათასს აღწევს. მხოლოდ 2024 წელს, რუსეთის არმიის მიერ განხორციელებული სარაკეტო დაბომბვებით და დრონების შეტევით სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლი 30%-ით გაიზარდა.
ომი გრძელდება, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული, მით უმეტეს, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ადამიანების ძალ-ღონე უსასრულო არ არის. უკრაინულ საზოგადოებაში მატულობს მათი რაოდენობა, რომელთა პატრიოტული განწყობა მცირდება. ასეთ სიტუაციაში მთავარი ხდება სიცოცხლის წყურვილი – როგორმე თავი დააღწიოს ყოველდღიურ გაჭირვებას და სტრესულ ყოფა-ცხოვრებას.
მოიძებნება კი ისეთი კონკრეტული დასავლელი ლიდერი – დონალდ ტრამპი ან სხვა ვინმე – რომელიც ამ კონფლიქტის დასრულებას შეძლებს? მე ეს არ ვიცი. მაგრამ ის უკვე ვიცი, რომ უმაღლეს დონეზე დაწყებულია დისკუსია ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე – ვაშინგტონიდან ბრიუსელამდე. დაე, ეს იყოს არასრულყოფილი ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც არ პასუხობს სამართლიანობის დაცვის შესახებ ყველა ჩვენს მოთხოვნას, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია. ეს არ არის მოწოდება თვითდამშვიდებისაკენ. ეს არის მოწოდება სიცოცხლის შენარჩუნების სახელით.
ალბათ, ვიღაცა იტყვის, რომ მე მიამიტი ვარ: რუსეთის არმია დროებით შეჩერდება, მაგრამ შემდეგ ძალებს მოიკრებს და ისევ შეტევაზე გადმოვაო. მაგრამ ისიც ხომ ცხადია, რომ ცეცხლის დროებითი შეჩერება ჩვენთვის სასარგებლო იქნება თავდაცვის გასამტკიცებლად, რომელიც ადრე შევძელით – მუდმივი დაბომბვების პირობებში თავდაცვითი ზღუდეების მშენებლობა თითქმის შეუძლებელია. ცეცხლის თუნდაც დროებითი შეწყვეტა შესაძლებლობას მოგვცემს მეტი ყურადღება დავუთმოთ საზღვრების დაცვას, არმიის გაძლიერებას, იარაღის არსენალის რაოდენობის გაზრდას… მოკლედ, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება მოვემზადოთ იმისათვის, თუ რა იქნება შემდეგ. თუ რუსეთი შეტევას განაახლებს, ჩვენ ხომ, უკიდურეს შემთხვევაში, შედარებით უფრო მყარად ვიდგებით ჩვენს მიწაზე – გვექნება უფრო მტკიცე ფრონტის ხაზი, მეტი სანგრებითა და ზღუდეებით, მეტი ბეტონის ბუნკერებით და საყრდენი პუნქტებით და არა დანგრეული ფუნდამენტით.
ცეცხლის შეწყვეტისაკენ სწრაფვა სისუსტის გამოხატულება არ არის. ომმა გვასწავლა, თუ რამდენად დამღუპველია უსაფუძვლო ოპტიმისტური განცხადებები. ჩვენ პრაგმატულები უნდა ვიყოთ მომავალი თაობის სახელით, რომლებსაც აუცილებლად წინ დაუხვდებათ ჩვენი დღევანდელი არჩევანი. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი პრაგმატული და გონივრული მიდგომა. ეს არ არის კაპიტულაცია, ეს არის მოწოდება დავადგეთ იმ სამოქმედო სტრატეგიას, რომელშიც აღიარებული იქნება ჩვენი ძლიერი მხარეები და ჩვენი ნაკლოვანებებიც. უკრაინამ სავსებით დაიმსახურა მშვიდობიანი მომავალი, რომელშიც ომის ადგილი აღარ უნდა იყოს.
ტერიტორიების დაბრუნება ჩვენი საერთო ტკივილია. მაგრამ 2023 წლის კონტრშეტევის ჩაშლის შემდეგ ჩვენ მწარე სიმართლე დავინახეთ: უკრაინას არ აქვს რეალური შანსი იმისათვის, რომ ოკუპირებული ტერიტორიები დაუყოვნებლივ დაიბრუნოს. ამასწინანდელმა დანაკარგებმა ნათლად გვაჩვენა, რომ სოციალური ქსელებიდან და საზოგადოების მხრიდან გამოვლენილი ვერანაირი მხარდაჭერა სამხედრო რეალიებს ვერ ჩაანაცვლებს.
მე ამას იმიტომ ვწერ, რომ გავაბათილო რწმენა, თითქოსდა უკრაინას მხოლოდ ბრძოლის გაგრძელება გადაარჩენს. რუსეთს რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ, ჩვენ იარაღის გარდა უფრო მეტი და უფრო ძლიერი რამ გვჭირდება – ინტელექტუალური ძლიერება, მდგრადი დემოკრატია და სტაბილური ეკონომიკა და იმის გაბედულება, რომ საკუთარი ნაკლოვანებები და დაშვებული შეცდომები ვაღიაროთ. სამწუხაროდ, ამჟამინდელი რეალობა ისეთია, რომ ტვინების გადინების, სიღარიბის დონის ზრდისა და დემოკრატიის დასუსტებით ჩვენი გამძლეობა ძალზე მყიფე ხდება.
ყოველდღიური სისხლისმღვრელი ბრძოლები უკრაინას ასუსტებს და ამაში მხოლოდ დასავლეთი არ არის დამნაშავე. ჩვენი მოკავშირეები რომ ჩვენზე არ ზრუნავდნენ, ვერანაირ იარაღს და კოლოსალურ ფინანსურ დახმარებას ვერ მივიღებდით. მაგრამ ისიც ცხადია, რომ ჩვენი მიწა-წყლის დასაბრუნებლად მხოლოდ უხეში ძალით სარგებლობა არ უნდა გვჭირდებოდეს.
მე მოვუწოდებ ჩვენ მოკავშირეებს, ჩვენს ლიდერებს და უპირველესად ჩემს თანამოქალაქე უკრაინელებს: დაფიქრდით ცეცხლის შეწყვეტის პოზიტიურ შედეგებზე, ზავის სიკეთეზე და მის ფასეულობაზე. მოდით, დავადგეთ ამ რთულ გზას, რომელიც კაპიტულაციის გზა კი არ იქნება, არამედ აუცილებელი ნაბიჯი უკრაინის მომავლისათვის. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენი ხალხის მომავლისათვის, ჩვენი დაღუპულების მიერ ჩადენილი გმირობის უკვდავსაყოფად, მათი ხსოვნისათვის და მათთვისაც, ვინც დღევანდელი უკრაინის სამომავლო მემკვიდრე იქნება და ვის დაცვასაც ვცდილობთ.
მოამზადა სიმონ კილაძემ