“უკრაინას იარაღისათვის, ხელფასებისა და პენსიებისათვის ფული არ ჰყოფნის, ქვეყანას ეკონომიკური კატასტროფა ელოდება”- რას წერს უცხოური პრესა

46
spot_img

შვეიცარიის გერმანულენოვანი გაზეთ „ნოიე ციურჰერ ცაიტუნგში“ (Neue Zürcher Zeitung) გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „უკრაინას იარაღისათვის, ხელფასებისა და პენსიებისათვის ფული არ ჰყოფნის, ქვეყანას ეკონომიკური კატასტროფა ელოდება“ (ავტორი – დენიელ იმკელრიდი).

მასალაში განხილულია უკრაინის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა: „კიევს ვალები იმდენი აქვს, რომელიც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 90%-ს შეადგენს“, – ნათქვამია სტატიაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ომის დაწყებიდან ორი წელი გავიდა, უკრაინას ძველებურად რუსეთის დამარცხების იმედი აქვს, მაგრამ მისი სურვილი შესრულებას წინ უამრავი პრობლემა ეღობება. ომის წარმოებას ფინანსები ჭირდება, თანაც უდიდესი რაოდენობით, ამიტომაც ყოველი ნებისმიერი მეომარი ქვეყნების მთავრობის წინაშე თითქმის შეუსრულებელი ამოცანა დგას: სად მოძებნოს ფული.
ყველაფერს ფული ჭირდება – სამხედრო ტექნიკისა და იარაღის, საბრძოლო მასალების შეძენას, სამხედრო მოსამსახურეებისათვის ხელფასის გადახდას, განათლების, ჯანდაცვისა და საპენსიო სისტემის უზრუნველყოფას. გასულ წელს უკრაინამ თავდაცვაზე თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ერთი მესამედი დახარჯა. ეს უდიდეს თანხას წარმოადგენს, რომელიც ბიუჯეტისათვის მძიმე ტვირთს ნიშნავს. უკრაინის სხვა სფეროები დასავლეთიდან მიღებული თანხებით ფინანსდებოდა, მაგრამ, წინა წლებთან შედარებით, დღეს ამ მხრივ სიტუაცია გაუარესებულია – ამერიკის მთავრობა, უკრაინის მთავარი დამფინანსებელი, კონგრესის თანხმობას ელოდება, კონგრესი კი გადაწყვეტილების მიღებას აჭიანურებს.

ამიტომაც უკრაინისთვის დახმარების გაწევა ევროპის ქვეყნების ზურგზე გადავიდა, მაგრამ მათ საკუთარი პრობლემებიც ბევრი აქვთ. ევროკავშირის 54 მილიარდიანი დახმარება დახმარება ოთხ წელიწადზეა გათვლილი. ნორვეგია, შვეიცარია და სხვა ქვეყნები კიევს ფინანსებით ეხმარებიან, მაგრამ თანხები მაინც არასაკმარისია.

უკრაინას 2024 წლის ბიუჯეტისთვის საზღვარგარეთიდან 37 მილიარდი დოლარი დაჭირდება. აქედან 10 მილიარდს ევროკავშირიდან მიიღებს, დანარჩენი თანხა კი უკრაინამ თვითონ უნდა მოიძიოს.

დღეს უკრაინის ეკონომიკა ძალიან არასტაბილურ მდგომარეობაშია. ამის მიუხედავად, უკრაინის ცენტრალური ბანკი და ფინანსთა სამინისტრო საკმაოდ მარჯვე და მოხერხებულ ფინანსურ პოლიტიკას ახორციელებდა. შარშანდელი წლის განმავლობაში ინფლაცია 26%-დან 4,7%-მდე შემცირდა. მისი სავალუტო რეზერვები შედარებით მაღალია და ომით დანგრეული ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის მნიშვნელოვან რაოდენობას შეადგენს – 38,5 მილიარდ დოლარს.

სავალუტო რეზერვები კიევს რამდენიმე თვე ეყოფა სხვადასხვა ხარჯებისათვის, მაგრამ საბოლოოდ მაინც დადგება დრო, როცა რეზერვები კრიტიკულ დონემდე შემცირდება და მას აუცილებლად შევსება დაჭირდება.
სასწაულად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ მეომარი უკრაინა თავისი პროდუქციის ექსპორტს წარმატებით ახორციელებს, რომელიც ძირითადად სასოფლო-სამეურნეო სახით არის წარმოდგენილი (ანუ ეკონომიკის ეს სფერო საკმაოდ კარგად მუშაობს). მართალია, მეზობელ ქვეყნებში, მაგალითად, პოლონეთში, უკრაინული პროდუქციის გატანა ადგილობრივი ფერმერების პროტესტს იწვევს, მაგრამ ამის მიუხედავად უკრაინული ხორბალი (მარცვლეული) და ზეთი მაინც წარმატებით იყიდება (თუმცა იაფი ფასებით).
მაგრამ ამ გზით ბიუჯეტში მიღებული თანხა მაინც არასაკმარისია. არაა გამორიცხული, რომ ხელახლა განვითარდეს ინფლაცია და ეროვნული ვალუტის – გრივნის კურსი დაეცეს.

უკრაინას ევროკავშირის წევრობის იმედი აქვს, მაგრამ ეს საეჭვო პერსპექტივაა. ევროკავშირისათვის იოლია დაპირება, მაგრამ მიცემული სიტყვის შესასრულებლად არ ჩქარობს. 2023 წლის დეკემბერში, ანუ სულ რაღაც ორი თვის წინ ევროკავშირმა განაცხადა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებას იწყებდა გაწევრიანების მიზნით, მაგრამ კიევს წინ იმედგაცრუება ელოდება: „სანამ რუსეთთან კონფლიქტი გრძელდება, უკრაინის მიღება გამორიცხულია“, – არაოფიციალურად აცხადებენ ბრიუსელში.

უკრაინის ფინანსური მდგომარეობა სულ უფრო სატირელი ხდება. იმ დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ქვეყანა ევროპიდან იღებს, გრძელვადიანი კრედიტებია, ანუ მათ პროცენტები ერიცხება და დადგება დრო, როცა ვალების გადახდა უნდა დაიწყოს.

ამჟამად უკრაინის საგარეო ვალი მატულობს: თუ ომამდე ის მთლიანი შიდა პროდუქტის 50%-ს აღწევდა, ამჟამად 90%-ს აღწევს. სანამ ომი გრძელდება, უკრაინა ვალების სპირალში არის მოქცეული.
რუსეთი კი ამ დროს მიზანმიმართულად ანგრევს ეკონომიკურ ობიექტებს და ამიტომ ქვეყნის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. მიყენებული ზარალის მონაცემები მხოლოდ მიახლოებითი ხასიათისაა: მსოფლიო ბანკმა და ევროკავშირმა ამას წინათ გააჟღერეს ციფრი 152 მილიარდი დოლარის ოდენობით. ინფრასტრუქტურის რემონტისათვის მიმდინარე წელს ქვეყანას 15 მილიარდი დოლარი ჭირდება, მაგრამ ჯერ-ჯერობით მხოლოდ თანხის მესამედია გამოყოფილი. მოკლედ, უკრაინის პერსპექტივა საკმაო ბურუსითაა მოცული.

წყარო: