უკრაინამ შავ ზღვაში რუსული სარაკეტო ხომალდი დაბომბა

433
spot_img

უკრაინის უშიშროების სამსახურის საზღვაო დრონმა შავ ზღვაში გუშინ რუსული სარაკეტო ხომალდი „სამუმი“ დაბომბა.

ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით წერს. გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, დრონი გემის უკანა მხარეს მოხვდა, სევასტოპოლის ყურის შესასვლელთან, რის შემდეგაც გემმა დაზიანებების გამო, სიჩქარე დაკარგა და ის ბუქსირით გადაიყვანეს სარემონტოდ.

როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, შეტევაში გამოყენებული დრონი არის ექსპერიმენტული მოდელი, რომელსაც შეუძლია ქარიშხალში მოქმედება, მაღალ ტალღებში დამალვა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მოხსენებაში კი ნათქვამია, რომ შავ ზღვაში ექვსმა უკრაინულმა დრონმა სცადა თავდასხმა „სამუმზე“ და საპატრულო გემზე „სერგეი კოტოვზე“, მაგრამ ისინი ყველა განადგურდა, შავი ზღვის ფლოტის ავიაციამ კი კიდევ ერთი დრონი აღმოაჩინა და გაანადგურა.