უკრაინამ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი შეაჩერა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ბუნებრივი აირის სატრანზიტო სისტემის ოპერატორზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის ბუნებრივი აირის სატრანზიტო სისტემის ოპერატორის ცნობით, კიევის დროით 7:00-ზე კომპანიასა და „გაზპრომს“ შორის 2019 წლის 30 დეკემბერს დადებული შეთანხმების ვადა ამოიწურა.
„ოპერატორმა საერთაშორისო პარტნიორებს დადგენილი წესით აცნობა. ამრიგად, 1-ელი იანვრიდან უკრაინის გაზის სატრანზიტო სისტემა რუსული გაზის ტრანზიტის რეჟიმში არ მუშაობს“, – აცხადებს უკრაინის ბუნებრივი აირის სატრანზიტო სისტემის ოპერატორი.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშენკომ უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერებას ისტორიული მოვლენა უწოდა. „რუსული გაზის ტრანზიტი შევაჩერეთ. ეს ისტორიული მოვლენაა. რუსეთი ბაზრებს კარგავს, ფინანსურ ზარალს განიცდის. ევროპამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება რუსულ გაზზე უარი თქვას”, – განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა.