ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ (Forbes) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „უკრაინამ ამერიკულ „აბრამსებს“ ჯავშანი უნდა გაუძლიეროს“ (ავტორი – დევიდ აქსი). მასალაში განხილულია ის პრობლემები, რომლებიც ამერიკული მძიმე ჯავშანტექნიკის უკრაინის ფრონტზე გამოყენების დროს გაჩნდა და მათი მოგვარების გზები.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც გამოცხადდა – ამერიკული ტანკები „აბრამსები“ (M-1 Abrams) უკრაინას გაეგზავნაო, თუმცა ამ ორი თვის განმავლობაში ისინი არ გვინახავს, მათი არსებობა არაფრით არ დამტკიცებულა.
ჯერ-ჯერობით გაუგებარია, რას უკეთებს ამჟამად ამერიკისგან მიცემულ 31 „აბრამსს“ უკრაინა, მაგრამ უკვე გასაგებია, თუ რა უნდა გაუკეთდეს – უნდა გააძლიეროს ტანკის შეიარაღება და ჯავშანი, რათა ბომბებიანი რუსული უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) შეტევა მოიგერიოს.
დრონები მუდმივად იმყოფებიან ჰაერში რუსეთ-უკრაინის ომის მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ. ისინი ტანკებისათვის საფრთხის შექმნაში კონკურენციას უწევენ ნაღმებს და ამ მხრივ ჯავშნიანი ტექნიკისათვის განსაკუთრებით საშიშ იარაღს წარმოადგენენ.
პრაქტიკულად გარდაუვალია ის, რომ უკრაინა ოთხადგილიანი 68-ტონიანი „აბრამსების“ გარკვეულ რაოდენობას დაკარგავს. მართალია, 2000-იან წლების დასაწყისში მოდიფიცირებული M-1A1S-ები, რომლებიც უკრაინამ მიიღო, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაცულები არიან, მაგრამ მათ მაინც აქვთ სუსტი ადგილები, განსაკუთრებით შეტევის დროს.
„აბრამსები“ მოწყვლადები არიან დრონებთან „შეხვედრისას“, რომლებსაც შეუძლიათ დაარტყან იქ, სადაც ტანკის ჯავშანი ყველაზე თხელია – ზემოთა ნაწილში და გვერდებზე.
გაბრიელ სილვეირა – ტანკების სპეციალისტი, რომელიც დიდი ხანია აკვირდება უკრაინაში დასავლური ტანკების მოქმედებას – „აბრამსებთან“ დაკავშირებით გაჩენილ პრობლემას ასე განმარტავს:
„M-1A1S-ების ზემოთა ნაწილი („სახურავი“) მართლაც საკმაოდ თხელია, ჯავშნის სისქე სულ რაღაც 25 მილიმეტრს შეადგენს. ტანკსაწინააღმდეგო რაკეტით შეიარაღებულ დრონებს შეუძლიათ მისი გახვრეტა და ეკიპაჟის წევრების განადგურება, ან ტანკის კოშკურის შიდა ნაწილის დაზიანება, სადაც მრავლადაა ელექტრონული კომპონენტები. ასეთ შემთხვევაში ეკიპაჟი იძულებული გახდება ევაკუაცია განახორციელოს და ტანკი მიატოვოს. რაც შეეხება გვერდით ნაწილს, ისიც საკმაოდ პრობლემატურია. „აბრამსებს“ გვერდებზე უკვე მოძველებული კომპოზიტური ჯავშანი აქვთ, რომლის საბაზო ნაწილი ფოლადისგან არის დამზადებული““, – წერს თავის Х-ქსელში (ყოფილ Twitter-ში) გაბრიელ სილვეირა.
რასაკვირველია, დრონებისაგან „აბრამსების“ დაცვა შესაძლებელია. უკრაინელები სხვა ტიპის ტანკებსაც უძლიერებენ ჯავშანს სუსტ ადგილებში და, ალბათ, ასევე აკეთებენ ამერიკული ჯავშანტექნიკის მიმართაც. მაგალითად, ბრიტანული „ჩელენჯერების“ ჯავშანი გვერდებზე და წინა ნაწილში ფოლადის სპეციალური ფურცლებით გაძლიერდა, ხოლო გერმანული „ლეოპარდების“ კორპუსი ყველა მხრიდან სქელი რეაქტიული ჯავშანით აღიჭურვა.
გაბრიელ სილვეირა არ გამორიცხავს, რომ უკრაინელები „აბრამსების“ უსაფრთხოებასაც რეაქტიული ჯავშნით გააძლიერებენ, მაგრამ სავარაუდოდ, ეს მშრალი ამინდების დადგომამდე არ მოხდება: საქმე იმაშია, რომ რეაქტიული ჯავშანი ისედაც ზემძიმე ამერიკულ ტანკებს კიდევ უფრო დაამძიმებს, რომლებიც უკრაინულ ტალახში ჩაეფლობიან.
ვთქვათ და ჯავშან გაძლიერებული „აბრამსები“ უკვე მზად არიან ბრძოლისათვის. საინტერესოა, უკრაინის არმიის რომელი ქვედანაყოფი მიიღებს მათ ბრძოლის ველზე გამოსაყენებლად? ჯერ-ჯერობით ეს საიდუმლოა, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ერთ-ერთი ასეთი ქვედანაყოფი იქნება 47-ე მექანიზებული ბრიგადა, რომელიც [თითქმის ალყაშემორტყმულ] ავდეევკაშია დისლოცირებული და რუსების ჭარბი ძალების შეტევებს წინააღმდეგობას უწევს.
დღეისათვის 47-ე ბრიგადა ძირითადად შეიარაღებულია გერმანული „ლეოპარდებით“ (Leopard 2A6 მოდიფიკაციის ტანკებით). მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ გერმანიამ და პორტუგალიამ უკრაინას მხოლოდ 21 „ლეოპარდი“ გადასცეს, რომელთაგან ოთხი უკვე რუსებმა ააფეთქეს, დანარჩენი კი 47-ე და 21-ე ბრიგადებს შორის განაწილდა. კიდევ რამდენიმე დაზიანებული „ლეოპარდი“ ლიეტუვაშია გაგზავნილი შესაკეთებლად. შესაძლოა ისე მოხდეს, რომ 47-ე ბრიგადამ თავისი „ლეოპარდები“ რომელიმე სხვა ქვედანაყოფს გადასცეს და თვითონ „აბრამსებით“ აღიჭურვოს.
დღეისათვის უკრაინა 31 ერთეულ „აბრამსს“ ფლობს. მიიღებს თუ არა კიევი ამერიკული ტანკების დამატებით რაოდენობას? ეს დამოკიდებულია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის პრორუსულად განწყობილ რესპუბლიკელ წევრებზე, რომლებიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უარს აცხადებენ დაამტკიცონ 61-მილიარდიანი დოლარის დახმარება უკრაინისადმი.