რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, რომელიც უკვე მესამე წელია გრძელდება, კრიტიკულ წერტილს მიუახლოვდა, და უკრაინა ომის წაგების წინაშე აღმოჩნდა. სტატიას ამ შინაარსით The Washington Post-ი ავრცელებს.
ამერიკული გამოცემის მტკიცებით, შემდეგ რამდენიმე კვირაში გამოჩნდება, შეძლებს თუ არა უკრაინა არსებობას, როგორც სუვერენული სახელმწიფო საკუთარ საზღვრებში.
The Washington Post-ის სტატიაში აღინიშნება, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიის 20% უკვე აკონტროლებს და ყოველ დღე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიიწევს წინ, განსაკუთრებით პოკროვსკისა და კურახოვოს რაიონებში.
უკრაინელმა ჯარისკაცებმა, რომლებმაც გასული წლის აგვისტოში რუსეთის კურსკის ოლქი დაიკავეს, დაკავებული ტერიტორიების 40% უკვე დაკარგეს. ისინი ალყაში მოქცევის საფრთხის წინაშე დგანან.
„უკრაინა აგრეთვე საკუთარ ჯარისკაცებს ისეთი სისწრაფით კარგავს, რომ ეს მას ბრძოლის გაგრძელების შესაძლებლობას აცლის. ოფიციალური დანაკარგი 400 ათასს მოკლულსა და დაჭრილს შეადგენს, თუმცა ეს ციფრიც ძალიან შეკვეცილია“, – წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი ფრონტის წინა ხაზიდან გარბის.
„ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა დამანგრეველი ომის კიდევ ერთ წელს გაუძლოს. მაგრამ მოლაპარაკებების გზით პრობლემის გადაწყვეტის ძიებაში გამოვლენილი სიჩქარე, შესაძლოა, კონფლიქტის ცუდ დარეგულირებამდე მივიდეს, რაც პუტინისთვის წართმეული ტერიტორიებისთვის ჯილდო იქნება და მას ახალი შეტევის დაწყების გარანტიას მისცემს, როგორც კი მას დაქანცული არსენალის აღდგენის საშუალება მიეცემა“, – აღნიშნავს The Washington Post-ი.
ამასთან ერთად, ომის სასწორის პინაზე ნატოსა და აშშ-სადმი ნდობის საკითხი დევს. კონფლიქტის ცუდი დარეგულირების შემთხვევაში, უკრაინელები მთელ ჯავრს დასავლელ პარტნიორებზე იყრიან და მათ ღალატში დაადანაშაულებენ.