უკრაინა-უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა მწვავდება

10
spot_img

უნგრეთის პოზიცია უკვე ცნობილია. ის, რასაც კიევში მეგობრობას ეძახიან, ბუდაპეშტში ომში ჩათრევის მცდელობად აღიქმება.

მეზობელ სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავება უკრაინის მიერ რუსეთ-ბელარუსის საზღვარზე ნავთობსადენ “დრუჟბაზე” მიტანილმა იერიშმა გამოიწვია. განცხადება უკვე გაავრცელა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. პიტერ სიიარტოს ცნობით, ინფრასტრუქტურა, რომლითაც უნგრეთს ნავთობი მიეწოდება, ქვეყნის სუვერენიტეტის ნაწილია.

კიევიდან პასუხის პასუხი მალევე გაისმა. წერილობითი მიმართვა ომში მყოფი ქვეყნის პირველმა დიპლომატმა გაავრცელა. პიტერ სიიარტოსთან ანდრეი სიბიგას თავის მართლება არ დაუწყია, პირიქით, – მითითებები მისცა. ითქვა, რომ დროა, ბუდაპეშტი ენერგოდამოუკიდებლობის გზას დაადგეს და რუსეთთან ურთიერთობები გაწყვიტოს.

უკრაინის მიმართ დამოკიდებულებები დანარჩენ ევროპაშიც იცვლება. პოლონეთის ახლად არჩეული კონსერვატორი პრეზიდენტი ამბობს, რომ დროა, შეღავათები მოეხსნათ ომში მყოფი ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც მეზობელ სახელმწიფოში 2022 წელს, ომის შემდეგ შეიფარეს.

სანამ ევროპული სახელმწიფოები უკრაინას მიმართ პოზიციებს ცვლიან, ვაშინგტონში კვლავ ევროპის კონტინენტზე 3-წლიანი ომის დასრულებაზე მსჯელობენ. ვინ იქნება უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი? ამ კითხვაზე პასუხად, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ თეთრი სახლი მოლაპარაკებებში აქტიურად ჩაერთვება, თუმცა უკრაინაში ამერიკელ მშვიდობისმყოფელებს არ გაგზავნის.

უკრაინაში ნატო-ს წევრი სახელმწიფოების სამხედრო კონტინგენტის განლაგებას ეწინააღმდეგება კრემლიც. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს ევროპელ ლიდერებს კვლავ მოსკოვის 2022 წელს გაჟღერებული შეთანხმება შეახსენა და თქვა, რუსეთი ომს მხოლოდ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების სანაცვლოდ დაასრულებს.

ომი უკრაინაში უკვე 3 წელია გრძელდება. ამ დროის განმავლობაში, უკრაინასა და რუსეთს შორის არაერთი მოლაპარაკება შედგა. მათი უმეტესობა უშედეგოდ დასრულდა. ახლა მსოფლიო ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მოლოდინშია. სწორედ აქ გაირკვევა, შეძლებენ თუ არა დაპირისპირებული მხარეები შეთანხმების მიღწევას და ევროპის კონტინენტზე სისხლისმღვრელი ომის დასრულებას.