უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის მზადაა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.
ანდრეი სიბიგამ ლუბლინში ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ გაიმეორა კიევის მოწოდება რუსეთისა და უკრაინის ლიდერებს შორის შეხვედრისთვის, რაც, მისი თქმით, ყველაზე ეფექტური ნაბიჯი იქნება ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებისთვის.
„ასეთი მოლაპარაკებისთვის მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ ადგილას. კარგი იქნებოდა ასეთ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღონ სხვა ლიდერებმა, პირველ რიგში, პრეზიდენტმა ტრამპმა, ევროპელმა კოლეგებმა, პრეზიდენტმა ერდოღანმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთმა შეხვედრამ, შეიძლება, შეცვალოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ხმელეთზე, ზღვაზე, ჰაერში გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტით, რაც გზას გაუხსნის შემდგომ უფრო ფართო მოლაპარაკებებს რუსეთის მხარესთან. ჩვენ ასეთი მოლაპარაკებისთვის მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ ადგილას, სამართლიანი მშვიდობის მიღწევის მიზნით“, – განაცხადა ანდრეი სიბიგამ.
თავის მხრივ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ოთხი თვის წინ ცეცხლის უპირობო შეწყვეტას დათანხმდა.
„საუბარი უკრაინულ მხარეზე არ არის, საუბარი რუსეთზეა. იმედი გვქონდა, რომ გუშინ სანქციების მე-18 პაკეტზე შევთანმხდებოდით. იმედი გვაქვს, ეს ყველაზე შესაფერის დროს მოხდება, რადგან ვხედავთ, რომ აუცილებელი ზომაა. ამაზე არ გავჩერდებით, გავაგრძელებთ კოორდინაციას პარტნიორებთან აშშ-ში და დავიწყებთ მუშაობას სანქციების შემდეგ პაკეტზე. ამ გზით წავალთ წინ, სანამ ომი არ შეჩერდება“, – განაცხადა კუსტუტის ბუდრისმა.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმები, მათ შორის, ვინიცაში პოლონური კომპანიისთვის მიყენებული ზარალი.