უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის კურსკის ოლქში „უსაფრთხოების ზონას“ ქმნიან, რათა საკუთარი სასაზღვრო ტერიტორიები (პირველ რიგში კი სუმის ოლქი) დაიცვან. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა Telegram-ზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა უსაფრთხოების ზონაში რუსი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარულ დახმარების მიწოდებას გაუწევს ორგანიზებას და ასევე გახსნის საევაკუაციო დერეფნებს რუსეთისა და უკრაინის მიმართულებით.
„მითითებულ ზონაში რუსი მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. ისინი იმყოფებიან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვის ქვეშ, რომელსაც უკრაინა სრულად იცავს.
ამიტომ, ჩვენი სამხედრო ძალები გეგმავენ:
1. მითითებულ ზონაში მშვიდობიანი მოსახლეობის მხარდასაჭერად ჰუმანიტარული ოპერაციების ჩატარებას.
2. ჰუმანიტარული დერეფნების გახსნას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის: როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის მიმართულებით.
3. საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების დაშვებას მითითებულ ზონაში ჰუმანიტარული რეაგირების, აგრეთვე ჰუმანიტარული მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით.
ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი ტრენინგები და კონსულტაციები“, – წერს ირინა ვერეშჩუკი.