ევროკავშირი უკრაინას Ukraine Facility-ის პროგრამის ფარგლებში 1.9 მილიარდი ევროს ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დე ლეიენმა ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, თანხა მიმდინარე თვის ბოლოს გამოიყოფა.
„დღეს ასევე შემიძლია განვაცხადო, რომ თვის ბოლომდე ჩვენ უკრაინას დამატებით 1.9 მილიარდ ევროს გამოვუყოფთ უკრაინის დაფინანსების მექანიზმიდან. ეს დაკავშირებულია ყოვლისმომცველ რეფორმისა და საინვესტიციო სტრატეგიასთან, რომელიც უკრაინამ დაამტკიცა და რომელსაც „უკრაინის გეგმა“ ჰქვია“, – აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, „უკრაინის გეგმა“ მოიცავს მართლმსაჯულების სექტორის რეფორმას და ანტიკორუფციულ რეფორმას. ამავე დროს, ფონ დერ ლაიენის განმარტებით, „უკრაინის გეგმა“ არის იმის საფუძველი, რომ უკრაინა მიმზიდველი გახადოს ბიზნესისა და ინვესტორებისთვის და ქვეყანა ევროკავშირთან დააახლოოს.
ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის დასახმარებლად ივლისში ხელმისაწვდომი გახდება კიდევ 1.5 მილიარდი ევრო – შემოსავალი გაყინული რუსული აქტივებიდან.
„ჩვენ ვაგროვებთ ფინანსურ ძალას, რათა დავეხმაროთ უკრაინას წინააღმდეგობის გაწევასა და აღდგენაში. რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი, 1.5 მილიარდი ევროს ოდენობით, ივლისში ხელმისაწვდომი გახდება“, – განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.