ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „უკრაინა ამერიკული „ტომაჰავკების“ მისაღებად ემზადება, მაგრამ კიევი მათ გაშვებას ვერ შეძლებს – რაკეტები, ალბათ, მხოლოდ კრემლზე ზეწოლის მიზნით იქნება გამოყენებული“ (ავტორი – რობ კრილი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ამერიკული რაკეტების „ტომაჰავკების“ უკრაინისათვის სავარაუდო მიწოდების პროცესი შეიძლება თვეებით გაჭიანურდეს და რაც ყველაზე უფრო მეტად არის მოსალოდნელი, რაკეტები გამოყენებული არ იქნებიან და ისინი თავიანთ გამშვებ დანადგარებზე დარჩებიან. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ „ტომაჰავკები“, თუ ისინი უკრაინის ტერიტორიაზე იქნებიან განთავსებულები, მოსკოვის პოლიტიკაზე გავლენას არ მოახდენენ.
ასეთ დასკვნამდე მივიდა ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რომლის მიერ გაკეთებული ანალიზი აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება გამოიხატოს აშშ-სთან დადებული შეთანხმება და როგორ უნდა იქნას გამოყენებული (ან არგამოყენებული) სასიკვდილო იარაღი.
ამ დღეებში დონალდ ტრამპმა ნათლად მიანიშნა (ყველაზე უფრო მკაფიოდ, ვიდრე ოდესმე), რომ იგი უკრაინისათვის „ტომაჰავკების“ გადასაცემად ემზადება. „მე მგონი უკვე თითქმის მივიღე გადაწყვეტილება“, – განაცხადა მან თავისი უნიკალური მანერით, მაგრამ იმავდროულად სრულიად დაუკონკრეტებლად, – „ისე კი, ძალიან მინდა ვიცოდე, თუ როგორ გეგმავს უკრაინა ამერიკული რაკეტების გამოყენებას. ვშიშობ, რომ შორი მოქმედების რაკეტებით სარგებლობა სიტუაციას გაამწვავებს“.
ფაქტია, რომ „ტომაჰავკების“ სავარაუდო გადაცემა უკრაინისათვის და მათი საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა სწრაფად ვერ მოხერხდება. ბოლო დღეებში, ზამთრის მოახლოების კვალობაზე, რუსეთმა გააძლიერა დარტყმები უკრაინის ენერგოობიექტებზე, რაც აქტუალურს ხდის ამერიკის დახმარების აუცილებლობას. მაგრამ არსებობს ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი ფაქტორი: „ტომაჰავკების“ ფრენის სიშორე 1600 მილს (2500 კმ-ს) აღემატება, თანაც მათ ბირთვული ქობინების ზიდვა შეუძლიათ და ისინი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვს მისწვდებიან, დიდი საფრთხეა მოსალოდნელი. სხვათა შორის, რუსმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკვე გააფრთხილა თავისი ამერიკული კოლეგა დონალდ ტრამპი, რომ რაკეტების უკრაინისადმი მიცემით დაირღვევა აშშ-რუსეთის ნებისმიერი დონის და ყველა სახის ურთიერთობა.
ამ ფონზე ეგორ ჩერნიაევი, უკრაინის ვერხოვნა რადის (პარლამენტის) ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, განმარტავს, თუ როგორ გამოიყენებს „ტომაჰავკებს“ უკრაინის არმია. მისი თქმით, რაკეტებით სარგებლობა დამოკიდებულია რამდენიმე მომენტზე და ეტაპზე – ვთქვათ, მისტერ დონალდ ტრამპმა შეიძლება გადაიფიქროს და საერთოდ არ მისცეს რაკეტები უკრაინას, ან პირიქით, აშშ-ის პრეზიდენტი ნებას დართავს პენტაგონს (ანუ ომის სამინისტროს) რაკეტების ექსპორტი განახორციელოს, მაგრამ არ მისცემს კიევს მისი გამოყენების უფლებას შორ მანძილზე მდებარე რუსული ობიექტების წინააღმდეგ. „ყოველი ამ ეტაპების განმავლობაში ვლადიმერ პუტინსაც ექნება შესაძლებლობა უკან დაიხიოს და მოლაპარაკება დაიწყოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ აშშ-დან უკრაინაში რაკეტების ჩამოტანა ნელა და თანდათანობით მოხდება“, – თვლის დეპუტატი და აღნიშნავს, რომ „ამერიკელები რაკეტებს ჯერ რამდენიმე ცალს – ათს ან ოცს – მოგვცემენ, მაგრამ ვფიქრობ, ნებას არ დაგვრთავენ მათ გაშვებაზე მანამ, სანამ კრემლის ოფიციალური რეაქცია არ გახდება ცნობილი“.
„თუ რეაქცია არ იქნება, მაშინ რაკეტის ფრენის დიაპაზონი გაფართოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა „ტომაჰავკები“ მოსკოვისაკენ გავუშვათ“, – ამბობს ეგორ ჩერნიაევი, – „ყოველ ეტაპზე აშშ-ის ზეწოლა რუსეთზე თანდათან გაძლიერდება და საბოლოოდ, ყველა შეზღუდვა მოიხსნება, მოგვეცემა ნებართვა მათ გაშვებაზე, თუმცა, ალბათ, კრემლზე და პირადად პუტინის წინააღმდეგ დარტყმების აკრძალვა მაინც შენარჩუნდება“.
„მთელი ეს ეპოპეა, ალბათ, რამდენიმე თვეს დაიკავებს, მაგრამ რაკეტების მოცემით ჩვენ უკვე რეალურ ზეწოლას განვახორციელებთ მტერზე და ხელში რეალური არგუმენტი გვექნება მოსკოვის წინააღმდეგ“, – ამბობს უკრაინელი პოლიტიკოსი და ხაზს უსვამს, რომ კიევს ხელში ძლიერი ბერკეტი ექნება.
რასაკვირველია, მოსკოვიც ელოდება, თუ რა იქნება შემდეგ, როგორ განვითარდება მოვლენები. დღეისათვის სიტუაცია ასეთია: რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკვე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას უკრაინისათვის ახალი ტიპის რაკეტების გადაცემის საკითხის განხილვა ძალიან განსხვავდება იმით, თუ როგორ წყდებოდა მსგავსი საკითხები ჯო ბაიდენის მმართველობის დროს – ჯერ იარაღის ფარულად გადაცემა ხდებოდა, შემდეგ კი დეტალებს აცხადებდნენ. „ჩვენ გვესმის, რომ ალბათ, ტრამპის უფრო მკაფიო განცხადებებს უნდა დაველოდოთ… საერთოდ კი, რაკეტების მიწოდება სერიოზულ ესკალაციას გამოიწვევს“.
თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, იგი ვერაფერს ვერ დაამატებს „ტომაჰავკების“ მიწოდების გეგმის ირგვლივ – იმის გარდა, რაც თვითონ დონალდ ტრამპმა თქვა ორშაბათს.
ვაშინგტონში მდებარე უკრაინის საელჩოც კომენტარის გაკეთების თხოვნაზე დუმილს ინარჩუნებს.
არ არის გამორიცხული, რომ ეგორ ჩერნიევი პირად აზრს გამოხატავს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეროვნული უსაფრთხოების დაცვაში და რომ იგი შედის პარლამენტის წევრთა მცირერიცხოვან ჯგუფში, რომლებმაც კარგად იციან არსებული სიტუაცია, მას უფრო მეტად დაეჯერება, სხვებთან შედარებით.