შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის „აბრამსის“ ტიპის ტანკების პირველი პარტიის გადაცემა ოფიციალურად დაამტკიცა. ტანკები უკრაინას შემოდგომის დასაწყისში მიეწოდება. მედიის ცნობით, ამის შესახებ შესყიდვის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ, დუგლას ბუშმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ბუშის თქმით, ტანკები უკვე მზად არის უკრაინაში გადასაზიდად.
„ახლა ისინი უნდა მოხვდნენ ევროპაში, შემდეგ კი უკრაინაში, ყველაფერთან ერთად, რაც მათ მოჰყვება: საბრძოლო მასალა, სათადარიგო ნაწილები, საწვავის აღჭურვილობა, სარემონტო საშუალებები. ანუ ეს არ არის მხოლოდ ტანკები, ეს არის სრული პაკეტი, რომელიც მათ მოჰყვება“, – აღნიშნა დუგლას ბუშმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ იანვარში განაცხადა, რომ ქვეყანა გეგმავდა „აბრამსის“ ტანკებს უკრაინისთვის გადაცემას.
შეერთებულმა შტატებმა უკრაინელების ტანკებზე წვრთნების პროცესი მაისში გერმანიაში დაიწყო. მედიის ცნობით, ტრენინგის დასრულება ზაფხულის ბოლომდე იგეგმება.